საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

თურნავა: სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა - ველით IMF-ის მისიას

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა ამბობს, რომ მაისში საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] მისია ჩამოვა.

თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში სავალუტო ფონდის მიერ დაპაუზებულ პროგრამაზეც ისაუბრა, მისი თქმით, საქართველოსა და სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობა "არცერთი წუთით არ შეწყვეტილა" და დაპაუზებული პროგრამის მიუხედავად, სავალუტო ფონდთან სხვა ფორმით თანამშრომლობენ.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა, სამწუხაროდ, იყო დაპაუზებული. მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს სხვა ფორმის თანამშრომლობა. ეს არის ე.წ. მეოთხე მუხლის მისია. ეს მისია ჩვენ გვესტუმრება უახლოეს დღეებში და იქაც ვიმსჯელებთ ყველაფერზე. ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში, დაგეგმილია უკვე თარიღები, მაისის ბოლოს იქნება, სადაც ყველაფერზე შეგვეძლება საუბარი. ტექნიკური დახმარების პროგრამები არ შეჩერებულა, მათ შორის, ეროვნული ბანკიც სარგებლობს უამრავი ტექნიკური დახმარების პროგრამით". - თქვა ნათია თურნავამ.

თურნავამ ასევე განმარტა, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს სავალუტო ფონდთან დაპაუზებული პროგრამის მდგომარეობაც განიხილეს:

"პროგრამაზე ვისაუბრებთ, როდესაც მისია ჩამოვა, ასეთი რაღაცაც ითქვა ჩვენი მხრიდან და ვფიქრობთ, რომ გაგებით იყო ეს მოსმენილი, რომ ჩვენ ვიდრე ახალ პროგრამაზე ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა შევაფასოთ ეს დაპაუზებული, ფორმალურად მიმდინარე პროგრამის მდგომარეობა, რა შესრულდა, რა დარჩა ღია იმისთვის, რომ ეს საკითხები აღარ დაუდგეს წინ ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას". - თქვა თურნავამ.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მხარდაჭერილი პროგრამა, რომელზეც 2022 წლის აპრილში საქართველოს ხელისუფლება ფონდთან შეთანხმდა, გაურკვეველი ვადით შეჩერდა. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, 3-წლიანი პროგრამა საქართველოსთვის სესხის სახით $289 მილიონის გამოყოფას ითვალისწინებდა. 

ვრცლად IMF-სა და საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების, პროგრამის პროგრესისა და მის შეწყვეტასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ წაიკითხეთ აქ: რა ხდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დროებით შეჩერებული პროგრამის თავს?

 

კომენტარები