ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

წილოსანი ევროკომისარზე: პარტნიორებსაც მოუწევთ ტაქტიკის გადახედვა

როგორი ცინიკურია, როდესაც სადამსჯელო ღონისძიებებს ადამიანი უწოდებს შესაძლებლობებს. არანაირ შესაძლებლობებზე არ არის საუბარი, როდესაც განიხილავ, რომ თითქოს ქართველ ხალხს ჩამოართვა ვიზალიბერალიზაცია, რომელიც დამსახურებულად მოვიპოვეთ, არავის არ უჩუქებია. რამდენად ცინიკურია, როდესაც დასანქცირებაზე და გარკვეულ დაშინების მექანიზმებზე საუბრობ და ამას უწოდებ შესაძლებლობას.

შესაძლებლობა ნამდვილად არის და ეს ფაქტიურად გახსნილი კარია, რომ ჩვენ შორის გაიმართოს  გულწრფელი და პარტნიორული დიალოგი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შეუნარჩუნონ ის მინიმალური სუვერენიტეტი, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, ქართველი ხალხის დაკვეთა შევასრულოთ.

თუ მოთხოვნა არის ის, რომ დემოკრატია დადგეს თავდაყირა და ქართული ოცნება ანუ ამ ქვეყნის ხელისუფალი ემსახურებოდეს არა ქართველ ხალხს, არამედ ბრიუსელის ბიუროკრატიას, ეს ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ვერ იმუშავებს და არავინ არ ვართ ამაზე წამსვლელი, ამიტომ, ერთადერთი პირობა, რაც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ შესრულდეს ქართველი ხალხის დაკვეთა და არა ის, რაც სურთ გარედან.

ამიტომ, თავისთავად, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი დიალოგისთვის, მზად ვართ, რომ გავაუმჯობესოთ და უკეთეს ხარისხში ავიყვანოთ ის ურთიერთობები, რაც გვაქვს, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის მანძილზე საკმაოდ დაძაბულ ფონზე მიმდინარეობს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან რთული იქნება დაშინებების და შანტაჟის პირობებში, ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენს პარტნიორებსაც მოუწევთ თავისი ტაქტიკის გადახედვა, რადგან ქართველ ხალხთან ასეთი ძალადობრივი, ძალით და მიწოლით მოქცევა ისტორიულად არავის არ გასვლია და ამ შემთხვევაშიც, ყველა ერთად ვდგავართ ამ ქვეყნის დასაცავად.

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი ნინო წილოსანი პირველი არხის ეთერში, ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე. კერძოდ, ევროკომისარმა რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორთან, რიკარდ იოზვიაკთან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოსთან მიმართებით ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგრამ გადაწყვეტილებებს ძალიან ფრთხილად ეკიდებიან.

"შეგვიძლია, ვიზალიბერალიზაცია გავაუქმოთ, თუმცა ამით ყველაზე მეტად ხალხი დაზარალდება. ასევე საქართველოსთან გვაქვს ყოვლისმომცველი და ღრმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA), რომლის გადახედვაც შეიძლება. გარდა ამისა, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს კანდიდატის სტატუსი - შეგვიძლია მისი გაყინვაც, როგორც ეს თურქეთის შემთხვევაში მოხდა...

... ჩვენ ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან წევრ ქვეყნებს შორის ერთსულოვნება ვერ შედგა" - თქვა კოსმა.

კომენტარები