საქართველო-ევროკავშირი

კოსი: შეგვიძლია, ვიზალიბერალიზაცია გავაუქმოთ, თუმცა ამით ქართველი ხალხი დაზარალდება

ბევრი ვარიანტი არსებობს, თუმცა ამ სიტუაციაში ძალიან ფრთხილად ვეკიდებით გადაწყვეტილებებს. მაგალითად, შეგვიძლია, ვიზალიბერალიზაცია გავაუქმოთ, თუმცა ამით ყველაზე მეტად ხალხი დაზარალდება. ასევე საქართველოსთან გვაქვს ყოვლისმომცველი და ღრმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA), რომლის გადახედვაც შეიძლება. გარდა ამისა, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს კანდიდატის სტატუსი - შეგვიძლია მისი გაყინვაც, როგორც ეს თურქეთის შემთხვევაში მოხდა.

ასე რომ, ესენია არსებული შესაძლებლობები. მე არ მომწონს, როდესაც მთავრობები ხალხს არ ითვალისწინებენ. ქართველი ხალხის დიდი სურვილია, რომ ევროპულ გზას მიჰყვეს, ამიტომ ამაზე მუშაობას გავაგრძელებთ. ვერ შევეგუები იმას, რომ საქართველო დავკარგეთ, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.

ჩვენ ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან წევრ ქვეყნებს შორის ერთსულოვნება ვერ შედგა. დიახ, ვცადეთ ამის გაკეთება, თუმცა ზოგიერთი წევრმა ქვეყანამ ინდივიდუალურად დაუკისრა სანქციები კონკრეტულ პირებს. ასე მოქმედებს ეს მექანიზმი. 

თქვა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორთან, რიკარდ იოზვიაკთან მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები