უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო 29 აპრილს შეხვედრას გამართავს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიისა და მისი მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე უწყვეტი თავდასხმების შესახებ.
შეხვედრა საფრანგეთმა მოიწვია, რომელიც ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.
"უკრაინა ერთგული სამშვიდობო ძალისხმევის. ჩვენ 49 დღის წინ დავთანხმდით აშშ-ს წინადადებას სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ რუსეთი ასე არ მოიქცა". - თქვა სიბიჰამ, რაშიც მან 11 მარტს ჯედაში აშშ-სა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმება იგულისხმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, გამარჯვების დღის მე-80 წლისთავისთვის 8-დან 11 მაისამდე "ცეცხლის შეწყვეტა" გამოაცხადა.
ამის მსგავსად პუტინმა ზავი 20 აპრილს სააღდგომოდაც გამოაცხადა, თუმცა, უკრაინული მხარის ცნობით, პუტინის მიერ გამოცხადებული 30-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, აღდგომის დღეს რუსეთმა იერიშები გააგრძელა, დრონებით თავდასხმები გააორმაგა და მძიმე შეიარაღების გამოყენება გააძლიერა.
პუტინის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და მას დაუყოვნებლივ უპირობო, მინიმუმ 30 დღით, სრულად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა.
"ჩვენთვის ძვირფასია სიცოცხლე და არა აღლუმი. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, სამყაროს მიაჩნია, რომ 8 მაისის ლოდინის საბაბი არ გვაქვს.
ცეცხლი უნდა შეწყდეს არა რამდენიმე დღით, რომ ისევ განახლდეს, არამედ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ – მინიმუმ 30 დღით". – თქვა ზელენსკიმ.





