კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალი წარუდგინეს - ინფორმაცია ტაბულას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მელიას ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, საქმეზე პროკურატურამ აქამდე მის მიმართ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმის მასალა გამოითხოვა და გააერთიანა.
"ვერ გეტყვით, რა განზრახვა აქვს პროკურატურას. ფაქტია, რომ გამოთხოვილია ყველა სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებები, რაც აქამდე ნიკა მელიასთან მიმართებაში ყოფილა. ყველა სისხლის სამართლის საქმის მასალები გაერთიანებული, გამოთხოვილია, დაველოდოთ მოვლენებს. მთავარი ის არის, რომ ეს სამართლებრივი პროცესი არ არის, ეს პოლიტიკური დევნის მორიგი ნაბიჯია" - ამბობს კონდახაშვილი, IPN-ის ცნობით.
აქამდე წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის საქმეზე, კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ვაშაძეს 23 აპრილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო.
ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" მიუსვლელობის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს. ასევე 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული გივი თარგამაძეს. 20 000-ლარიანი გირაო აქვს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. კოალიციის კიდევ ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.





