ირანი

ირანის პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

26 აპრილს, ირანის პორტში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია იუწყება. რამდენიმე ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

პორტში მომხდარმა აფეთქებამ მასიური ხანძარი გამოიწვია, რომელმაც მიმდებარე ტერიტორიაც დააზიანა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობა ჰაერში მომწამლავი ნივთიერების შესახებ გააფრთხილა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

პორტი, შაჰიდ რაჯაი, ირანის სამხრეთით, ჰორმუზის სრუტის გასწვრივ მდებარეობს.

ირანელმა ოფიციალურმა პირმა სახელმწიფო მედიასთან განაცხადა, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებების კონტეინერების აალებამ გამოიწვია და ხელისუფლება დივერსიის ან მიზანმიმართული თავდასხმის ვერსიას არ განიხილავს.

CNN წერს, რომ დაუდასტურებელი ცნობების მიხედვით, აფეთქება შესაძლოა ბალისტიკური რაკეტების საწვავის დამზადებისთვის საჭირო ნივთიერებებმა გამოიწვია.

კომენტარები