რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლავროვი: ტრამპი ახსენებს შეთანხმებას და ჩვენ მზად ვართ, ამ შეთანხმებას მივაღწიოთ

რუსეთის საგარო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა CBS-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო შეთანხმებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის შეთანხმებისთვის. 

"აშშ-ს პრეზიდენტს სჯერა და ვფიქრობ, სამართლიანად, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. [...] პრეზიდენტის განცხადებაში ნახსენებია შეთანხმება და ჩვენ მზად ვართ, რომ ამ შეთანხმებას მივაღწიოთ" – ამბობს ლავროვი.

ლავროვი ინტერვიუში ახსენებს, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით კიდევ დარჩენილია დეტალები, რაზეც საჭიროა საუბარი. 

ცნობისთვის, აშშ-ს ადმინისტრაციის წევრებმა ბოლო დღეების განმავლობაში მკაფიოდ რამდენჯერმე განაცხადეს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების გზაზე პროგრესის არარსებობის შემთხვევაში, ვაშინგტონი პროცესში შუამდგომლობას შეწყვეტს. 

მაგალითისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 აპრილს თქვა, რომ თუ რუსეთი ან უკრაინა მშვიდობის მიღწევის პროცესს "ძალიან გაართულებს", აშშ "უბრალოდ ხელს აიღებს", თუმცა, ტრამპის თქმით, იმედი აქვს, რომ "ამის გაკეთება არ მოუწევთ". მანვე აღნიშნა, რომ დღეების კონკრეტული რაოდენობა არ არსებობს, როდესაც ადმინისტრაცია მიხვდება, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და შუამდგომლობას შეწყვეტს.

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-მ როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას, წარუდგინა "ძალიან მკაფიო წინადადება" სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით და დადებითი პასუხის არ არსებობის შემთხვევაში აშშ "დაანებებს თავს ამ პროცესში მონაწილეობას".

ხოლო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ თუ მშვიდობისაკენ "ნათელი გზა" უახლოეს მომავალში არ გამოჩნდება, აშშ სამშვიდობო შეთანხმების შუამავლობას შეეშვება. 

კომენტარები