აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-მ როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას, წარუდგინა "ძალიან მკაფიო წინადადება" სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით და დადებითი პასუხის არ არსებობის შემთხვევაში აშშ "დაანებებს თავს ამ პროცესში მონაწილეობას".
"ჩვენ ძალიან მკაფიო წინადადება წარვუდგინეთ რუსეთსა და უკრაინას. დროა, რომ ისინი დათანხმდნენ ამ წინადადებას, ან აშშ დაანებებს თავს ამ პროცესში მონაწილეობას. ჩვენ გავწიეთ ინტენსიური დიპლომატიური სამუშაო. ვცადეთ შეგვეხედა საკითხებისთვის როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის პერსპექტივიდან და გაგვეგო თუ რა საკითხები აღელვებთ მათ ყველაზე მეტად. ვფიქრობ, რომ ჩვენ მათ ძალიან სამართლიანი წინადადება შევთავაზეთ. ვნახავთ, შეძლებენ თუ არა ევროპელები, რუსები და უკრაინელები ამ პროცესის ბოლოში გასვლას. მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი". - თქვა ვენსმა.
ამასთან, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "უნდა მოხდეს გარკვეული ტერიტორიების გაცვლა". მისი თქმით, საზღვარი შესაძლოა არ იყოს გავლებული ზუსტად იქ, სადაც ამჟამად ფრონტის ხაზი გადის, თუმცა, იმისთვის, რომ ადამიანების ხოცვა შეწყდეს, ორივე მხარემ უნდა "დადოს იარაღი, გაყინოს კონფლიქტი და გადაერთოს უკეთესი რუსეთისა და უკეთესი უკრაინის მშენებლობაზე".
18 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ თუ მშვიდობისაკენ "ნათელი გზა" უახლოეს მომავალში არ გამოჩნდება, აშშ სამშვიდობო შეთანხმების შუამავლობას შეეშვება.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე დღეში რუსეთსა და უკრაინას შორის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად შუამდგომლობას შეწყვეტს, თუ მხარეებისგან ცხადი სიგნალი არ წამოვა, რომ შეთანხმება ნამდვილად მიღწევადია.
"ჩვენ ამ მცდელობის გახანგრძლივებას კვირების ან თვეების განმავლობაში არ ვაპირებთ. შესაბამისად, ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა განვსაზღვროთ ახლა და ეს დღეების საკითხია, [მიღწევადია თუ არა შეთანხმება] მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში". - თქვა რუბიომ პარიზში ევროპელ და უკრაინელ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.





