აშშ-ს საიმიგრაციო კონტროლის ფედერალურმა სააგენტომ 14 აპრილს კოლუმბიის უნივერსიტეტის ისრაელის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი და უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი, მოჰსენ მაჰდავი, დააკავა.
ვერმონტის შტატის კონგრესმენების ცნობით, რომლებსაც სენატორი ბერნი სანდერსი უძღვება, მაჰდავი მაშინ დააკავეს, როდესაც იგი მოქალაქეობის მიღების პროცესთან დაკავშირებით საიმიგრაციო ოფისში შეხვედრაზე მივიდა. განცხადების მიხედვით, მაჰდავი ვერმონტში ცხოვრობდა და აშშ-ს კანონიერი სამუდამო ბინადარია.
აშშ-ს საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მონაცემების მიხედვით, მაჰდავი ICE-ის პატიმრობაში იმყოფება, თუმცა მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ამას გარდა, მაჰდავის საქმის მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, არ მოხდეს მისი აშშ-დან ან ვერმონტიდან დეპორტაცია სასამართლოსგან "შემდგომი განკარგულების გაცემამდე".
ცნობისთვის, წინა წელს მაჰდავი აქტიურად იყო ჩართული ისრაელის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში, რამაც კოლუმბიის უნივერსიტეტი მოიცვა.
საქმესთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტის მიხედვით, მაჰდავი აშშ-ს კანონიერის სამუდამო ბინადარი 2015 წელს გახდა. დოკუმენტში წერია, რომ 2023 წლის ოქტომბერში ჰამასის ისრაელის თავდასხმამდე მაჰდავი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზას ემხრობოდა, ხოლო ჰამასის თავდასხმის შემდეგ მან ისრაელის სამხედრო პასუხის გაპროტესტება დაიწყო და რამდენიმე დემონსტრაციაზე სიტყვით გამოვიდა.
დოკუმენტის მიხედვით, მაჰდავი კოლუმბიის პალესტინელ სტუდენტთა კავშირის თანადამაარსებელია მაჰმუდ ხალილთან ერთად, რომელიც 10 მარტს აშშ-ს ფედერალური იმიგრაციის ოფიცრებმა დააკავეს. მაჰდავის მსგავსად, ხალილიც გასულ წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის კამპუსზე გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლიდერი იყო.
ამასთანავე, კამპუსის გაზეთის, The Columbia Spectator-ის, ცნობით, მაჰდავი კამპუსის ფილიალის, სახელად "სტუდენტები პალესტინაში სამართლიანობისთვის" წევრი იყო. ამავდროულად, მან კოლუმბიის უნივერსიტეტის ისრაელის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების კოალიცია დააარსა, სახელად კოლუმბიის უნივერსიტეტის აპართეიდის არდაშვება (CUAD).
აღნიშნული ჯგუფი კამპუსზე საპროტესტო აქციებს უძღვებოდა, რომელიც ებრაელი სტუდენტების შეურაცხყოფას, საპროტესტო ბანაკების ნებართვის გარეშე აღმართვას, შენობების დაკავებას, პოლიციასთან შეტაკებებსა და საკუთრების დაზიანებას მოიცავდა. CUAD-ს "დასავლური ცივილიზაციის განადგურებისკენ" მოწოდებები აქვს გავრცელებული, კამპუსზე ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მასალებს არიგებდა, მხარს უჭერდა "სიონისტების" წინააღმდეგ ძალადობისკენ მოწოდებებს და ნათქვამი აქვს, რომ "ძალადობა წინ სვლის ერთადერთი გზაა".
10 მარტს ხალილის დაკავების შემდეგ აშშ-ში ათეულობით სტუდენტს ვიზა შეუჩერეს ან დააკავეს. ზოგიერთმა კი ქვეყანა დატოვა, მათ შორის სხვა აქტივისტებმაც, რომლებიც კოლუმბიის საპროტესტო აქციებთან იყვნენ კავშირში.
ტრამპის ადმინისტრაცია უნივერსიტეტების კამპუსებზე ისრაელის მოწინააღმდეგე აქტივისტების მიმართ მიღებულ ზომებს ეროვნული უსაფრთხოების საფუძველსა და კამპუსებზე არსებული ანტისემიტიზმის საბაბით ამართლებს.
ამის მიუხედავად, Times of Israel-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული ზომების გამართლებისა და პროცესების განმარტების მცდელობები ხშირად ბუნდოვანი იყო.
ამასთანავე, კრიტიკოსებმა, მათ შორის ებრაულმა ჯგუფებმაც, შეშფოთება გამოხატეს აღნიშნული ზომების გამო სიტყვის თავისუფლებისა და სათანადო სამართლებრივი პროცედურის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით.