წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ყოფილ პარლამენტარს, გივი თარგამაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და გივი თარგამაძის საქმეები პროკურატურას 8 აპრილს გადაეგზავნა.
საკითხებს კომისიამ წულუკიანის თავმჯდომარეობით კენჭი უყარა და მხარი კომისიის ყველა წევრმა დაუჭირა.
ცნობისთვის, წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ, 8 აპრილს, 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საზღვრის კვეთა აუკრძალა.
ივანიშვილის პარლამენტის "საგამოძიებო კომისიის" სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი 7 აპრილს წარუდგინეს. გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს.