აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა Fox News-ის ეთერში ვლადიმირ პუტინთან ბოლო შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. ლაპარაკის დროს უიტკოფმა თქვა, რომ, მისი აზრით, რუსეთთან უკრაინის ომის საკითხზე შეთანხმება ფორმას იღებს.
Fox News-ის ჟურნალისტმა უიტკოფს ჰკითხა, პუტინი დროის მოგებას ცდილობს, თუ მასთან მოლაპარაკებები წარმატებით მიდის და შეთანხმება "იკვეთება".
"ვფიქრობ, კარგი სიტყვა გამოიყენე - "იკვეთება". მე ასე მგონია. ეს მასთან მესამე შეხვედრა იყო. ბოლო შეხვედრა დაახლოებით ხუთი საათი გაგრძელდა. ოთახში იყო მისი ორი მთავარი მრჩეველი, უშაკოვი და კირილ დიმიტრიევი. საინტერესო შეხვედრა იყო და დასასრულისკენ ჩვენ საბოლოოდ [შევთანხმდით] - თუმცა ამ სიტყვით არ ვგულისხმობ, რომ ლოდინი მოგვიწია, ვგულისხმობ, რომ აქამდე მისასვლელად დრო დაგვჭირდა. პუტინის თხოვნაა ხანგრძლივი მშვიდობა. ცეცხლის შეწყვეტის გარდა, ჩვენ მივიღეთ პასუხი ამ შეკითხვაზეც." - უპასუხა შეკითხვას უიტკოფმა.
უიტკოფის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება ეხება "ე.წ. ხუთ ტერიტორიას", თუმცა ამას გარდა დამატებით დეტალებსაც მოიცავს, რადგან საკითხი რთულია. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის კომერციული თანამშრომლობით გარდაქმნის შესაძლებლობა არსებობს. მას არ დაუზუსტებია რას გულისხმობს "ხუთ ტერიტორიაში", სავარაუდოდ, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებს.
"ეს სამშვიდობო შეთანხმება ეხება ე.წ. ხუთ ტერიტორიას, თუმცა ამაზე მეტია. არის უსაფრთხოების პროტოკოლი, NATO თუ არა NATO, მე-5 მუხლი, მრავალი დეტალია, ეს რთული სიტუაციაა, რომლის საფუძველიც ორ ქვეყანას შორის გაჩენილი რეალური პრობლემებია. მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა ვდგავართ მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცის ზღურბლთან. ამას დამატებული, ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა, გარდაიქმნას რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობა საინტერესო კომერციული შესაძლებლობებით, რაც, მგონია, რეგიონს რეალურ სტაბილურობასაც მისცემს. პარტნიორობა ქმნის სტაბილურობას." - თქვა უიტკოფმა.
უიტკოფმა და პუტინმა ბოლო ორ თვეში მესამე შეხვედრა 11 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში, ბორის ელცინის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართეს. შეხვედრამდე უიტკოფი პირისპირ ესაუბრა პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საინვესტიციო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში, კირილ დმიტრიევს. შეხვედრის შემდეგ კრემლში თქვეს, რომ ამ მოლაპარაკებებისგან "მყისიერ შედეგებს" არავინ უნდა დალოდებოდა.





