აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული "საპასუხო" ტარიფები არ გავრცელდება ისეთ ელექტრონულ პროდუქტებზე, როგორებიცაა სმარტფონები, კომპიუტერები, ჩიპები და სხვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ახალ დირექტივაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დირექტივა, რომელიც დეპარტამენტმა 11 აპრილს გამოსცა, უკავშირდება ტრამპის მიერ თვის დასაწყისში ჩინურ იმპორტზე ჯამში 145%-იანი ტარიფის დაწესებას. როგორც გამოცემა წერს, ეს ნაბიჯი, დიდი ალბათობით, საფრთხეს შეუქმნიდა ტექნოლოგიურ გიგანტებს, მათ შორის, Apple-ს, რომელიც სმარტფონებსა და მათი ნაწილების უმეტესობას ჩინეთში ამზადებს.
დირექტივა ტარიფებისგან ათავისუფლებს სხვა ტიპის ელექტრონულ მოწყობილობებსა და კომპონენტებს, მათ შორის, ნახევრადგამტარებს, მზის ფოტოვოლტაიკურ ელემენტებს, ბრტყელი ეკრანის ტელევიზორებს, ფლეშ-დრაივებსა და მეხსიერების ბარათებს.
ეს პროდუქტები, როგორც CNBC წერს, საბოლოოდ რაიმე ტიპის გადასახადებს დაექვემდებარება, თუმცა ეს გადასახადები 145%-იან ტარიფზე ნაკლები იქნება, რომელიც ტრამპმა ჩინურ იმპორტზე დააწესა.
"ეს საოცნებო სცენარია ტექ-ინვესტორებისთვის. სმარტფონებისა და ჩიპების გათავისუფლება [ტარიფებისგან] ჩინეთის ტარიფებთან დაკავშირებით მოვლენათა განვითარებას შეცვლის". - თქვა Wedbush Securities-ში ტექნოლოგიური კვლევების გლობალური სექტორის ხელმძღვანელმა დენ აივსმა გამოცემასთან საუბრისას.
აივსმა ასევე აღნიშნა, რომ ტარიფები "ტექ-ინდუსტრიისთვის 'გათავისუფლების დღის' [2 აპრილის] შემდეგ შავი ღრუბელივით იყო, ვინაიდან არცერთი სექტორი ისე არ დაზიანდებოდა, როგორც ტექნოლოგიების".
აშშ-ს პრეზიდენტის მიერ 2 აპრილს, როგორც ტრამპი მას უწოდებს, "გათავისუფლების დღეს" საპასუხო ტარიფების გამოცხადების შემდგომ დღეებში Apple-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $640 მილიარდი დოლარით შემცირდა. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ iPhone-ის ფასს, ტრამპის ტარიფების გამო, შესაძლოა, $3500 დოლარამდეც მიეღწია.





