New York Times წერს, რომ 10 აპრილს, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინეთს ყველა იმპორტირებულ პროდუქტზე აშშ-ში მინიმუმ 145%-იანი ტარიფი აქვს დაკისრებული.
გუშინ, 9 აპრილს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთზე ტარიფებს 125%-მდე ზრდიდა, მას შემდეგ რაც პეკინმა მის წინა ზომებზე საპასუხო სანქციები დააწესა. 10 აპრილს კი, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ გამოცხადებული 125% მანამდე დაწესებულ 20%-იან ტარიფს ემატება. ეს სანქციები ტრამპმა ჩინეთის მხრიდან აშშ-ს ტერიტორიაზე ფენტანილის შეგზავნის ბრალდების საფუძველზე დააწესა.
9 აპრილს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ჩინეთის მხრიდან მსოფლიო ბაზრის მიმართ "გამოჩენილი უპატივცემულობის გამო", იგი ჩინურ იმპორტზე ტარიფს 125%-მდე გაზრდის.
მეორე მხრივ, ტრამპის თქმით, ვინაიდან 75-მდე ქვეყანამ აშშ-თან ტარიფებზე მოლაპარაკება სცადა, მან დანარჩენ ქვეყნებს საპასუხო ტარიფები 90 დღით შეუჩერა და მათ წინააღმდეგ ტარიფები მხოლოდ 10%-მდე შეამცირა.
ტრამპის თქმით, ჩინეთის წინააღმდეგ 125%-იანი ტარიფები დაუყოვნებლივ შევა ძალაში.
"გარკვეული დროის შემდეგ, იმედია, ახლო მომავალში, ჩინეთი მიხვდება, რომ აშშ-სა და სხვა ქვეყნების მოტყუების დღეები აღარ არის მისაღები ან შენარჩუნებადი". - წერს აშშ-ს პრეზიდენტი.
ტრამპმა აღნიშნა, რომ 75-მდე ქვეყანა ტრამპის ადმინისტრაციას ვაჭრობაზე, სავაჭრო ბარიერებზე, ტარიფებსა და რიგ სხვა საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით დაუკავშირდა.
შესაბამისად, ტრამპის თქმით, ვინაიდან აღნიშნულმა ქვეყნებმა, მისი "მტკიცე რჩევის შესაბამისად", პასუხი არ გასცეს აშშ-ს საპასუხო ტარიფებს, ტრამპმა 90-დღიანი პაუზა შემოიღო, რა პერიოდშიც ჩინეთის გარდა ყველა სხვა ქვეყნისთვის ტარიფები 10%-მდე შემცირდება.
აშშ-ს პრეზიდენტის პოსტმა მალევე საფონდო ბირჟებზე აქციების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ტრამპის პოსტიდან პირველივე წუთებში S&P 500-ის საბაზრო ღირებულება 7%-ით გაიზარდა. ასევე მკვეთრი ზრდა განიცადა ე.წ. "დიდი შვიდეულის" აქციებმაც, რომლებმაც ტრამპის მიერ ტარიფების დაპაუზებიდან მალევე 5-12%-იანი ზრდა დაიწყეს.





