რძე

სეს: სოფლის ნობათის გაყიდვაში არსებული პროდუქცია სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სოფლის ნობათის კონკრეტული პარტია, რომელშიც  აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა სარეალიზაციო ქსელიდან სრულიად ამოღებულია.

მათივე ცნობით, სოფლის ნობათის გაყიდვაში არსებული პროდუქცია სრულად შეესაბამება სტანდარტებს.

"სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ  სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის (სოფლის ნობათი) ის კონკრეტული პარტია, სადაც  აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. პროდუქციის ამოღების პროცესს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის  მასშტაბით უწევენ ზედამხედველობას. კომპანია ვიმ- ბილ-დან საქართველო  აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და დარღვევის გამოვლენისთანავე,  მყისიერად დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა. ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული სოფლის ნობათის პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი,ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს გეგმურად წელიწადში  მინიმუმ  4-ჯერ მაინც ამოწმებს.  შარშან სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით, 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო, მათ შორის ვიმ- ბილ-დან საქართველო 15- ჯერ შემოწმდა (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება ნიმუშების კვლევა სხვადასხვა მაჩვენებლზე, მათ შორის აფლატოქსინზე) და  არცერთი დარღვევა არ გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს რძის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს და ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებიც  პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას". - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.

3 აპრილს, ​​​​სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ მათმა ინსპექტორებმა 28 მარტს შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) შეამოწმეს. მათი ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, კომპანიას დაევალა  აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა.

სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა გამოვლინდა ხუთ ნიმუშში. კერძოდ,

  • სასმელი რძე საბავშვო, ულტრაპასტერიზებული - 2,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;
  • სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;
  • ⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;
  • ⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;
  • ⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.

"შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე.

აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას" - აცხადებს სააგენტო.

კომენტარები