ყვარლის ბაგა

ყვარლის ბაგაში ამბობენ, რომ EU-ში აკრძალულ ქათმის ნაკელს ძროხებს 2018-2019 წლებში აჭმევდნენ

ყვარლის ბაგა რადიო თავისუფლების გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ევროკავშირში აკრძალულ ქათმის ნაკელს ძროხებს მხოლოდ 2018-2019 წლებში აჭმევდნენ. კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ დღემდე ამარაგებენ სანტეს, სოფლის ნობათს, აგროჰაბს და რძის ლაბორატორიას.

"ყვარლის ბაგა 2014 წლიდან ყოველდღიურად აწვდის ნედლ რძეს სანტეს (რძის პროდუქტების გადამამუშავებელი მსოფლიო გიგანტის, ლაქტალისის, შვილობილი კომპანია). მოგვიანებით, მყიდველთა სიას დაემატნენ სოფლის ნობათი, (კვების ინდუსტრიაში მომუშავე ამერიკული უმსხვილესი კომპანიის, პეპსიკოს შვილობილი), აგროჰაბი (ყველასთვის კარგად ნაცნობი ადგილობრივი ბრენდი) და რძის ლაბორატორია (არანაკლებ პოპულარული ადგილობრივი ბრენდი).

ყველა, ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიასთან დღემდე გრძელდება თანამშრომლობა და თითოეული დაადასტურებს (ლაბორატორიულადაც) შპს ყვარლის ბაგას მიერ მოწოდებული ნედლი რძის უმაღლეს ხარისხს. უფრო მეტიც, ჩვენ ვამაყობთ და მრავალი უცხოელი ექსპერტიც აღნიშნავს, რომ შპს ყვარლის ბაგის რძის ხარისხი აღემატება ბევრი დასავლური ქვეყნის მწარმოებლის რძის ხარისხს.

2015-2020 წლებში შპს ყვარლის ბაგას მართავდა ისრაელიდან მოწვეული ვეტერინარიის პროფესორი, რომლის გადაწყვეტილებით, ისრაელში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით 2018-2019 ფერმის კვების რაციონს დაემატა გადამუშავებული ქათმის ნარჩენი. აღსანიშნავია, რომ ეს იყო საკვებ-დანამატი (მაღალი ხარისხის პროტეინის წყარო) და არა ძირითადი ინგრედიენტი.

ქათმის ნარჩენების ძროხის საკვებ დანამატად გამოყენების დასაშვებობას ადასტურებს ცხოველთა კვების რესურსების ონლაინ მონაცემთა ბაზაც Image removed. იხილეთ ლინკი: https://www.feedipedia.org/node/66

ანტიბიოტიკების კვალის აღმოჩენისთანავე, დავიწყეთ მოკვლევა და დამოუკიდებელი ლაბორატორიების (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო) მიერ მოწოდებული დასკვნის მიღებისთანავე, რომლითაც დადასტურდა შპს ჩირინას პროდუქციაში ანტიბიოტიკის არსებობა, 2019 წელს შპს ჩირინასთან“ თანამშრომლობა შეწყდა და შპს ყვარლის ბაგას კვების რაციონში ქათმის ნარჩენები აღარ გამოყენებულა.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ წუნდებული რძე არ ჩაშვებულა არც შპს ყვარლის ბაგას და არც სხვა რომელიმე შემსყიდველის წარმოებაში, იგი განადგურდა და სწორედ რძის დანაკარგით და მეურნეობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს შპს ყვარლის ბაგა შპს ჩირინასგან.

ყვარლის ბაგა ღიაა კომუნიკაციისთვის და მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია" - აცხადებს კომპანია.


რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმის მფლობელი ყვარლის ბაგა ძროხებს ევროკავშირში აკრძალული ქათმის ნაკელით კვებავდა. ის რძით ამარაგებდა სანტეს, სოფლის ნობათს, აგროჰაბს და  რძის ლაბორატორიას. 

გამოძიების მიხედვით, ყვარლის ბაგამ, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია, სასამართლო დავა მოუგო ჩირინას (ბიუ-ბიუ), რომელსაც 4.7 მილიონის გადახდა დაეკისრა.

გამოძიების თანახმად, 2018 წელს ყვარლის ბაგამ ჩირინასგან დაახლოებით 2 700 ტონა ქათმის ნედლი, გადაუმუშავებელი ნაკელი შეიძინა. ერთი წლის თავზე, ყვარლის ბაგამ განაცხადა, რომ ჩირინაში ნაყიდმა სკინტლმა, რომელსაც ძროხებს აჭმევდა, საქონელი დაუხოცა და 1.65 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. ჩირინამ პრეტენზიები არ მიიღო და უპასუხა, რომ ქათმის ნაკელს სასუქად ყიდდა და არა - საკვებად.

2020 წელს ლაშა პაპაშვილის კომპანიამ ჩირინას სასამართლოში უჩივლა. მასალების მიხედვით, ყვარლის ბაგის 1 ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა (ნამჯაში არეულს).

რუსთავის სასამართლომ ვერ გამოკვეთა საქონლის დახოცვაში ჩირინას ბრალეულობა. სააპელაციომ საქმე ხელახალი განხილვისთვის ისევ რუსთავის სასამართლოში დააბრუნა. 2024 წლის მარტში “ყვარლის ბაგამ” რუსთავის სასამართლოდან სარჩელი უკან გაიხმო, ორ თვეში კი იგივე მოთხოვნებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2024 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ ყვარლის ბაგის საჩივარი დააკმაყოფილა - ყვარლის ბაგამ სასამართლოს წარუდგინა ლაბორატორიული დასკვნები, რომელშიც წერია, რომ ნიმუში, რომელსაც კვლევა ჩაუტარდა, ანტიბიოტიკ ტეტრაციკლინს შეიცავდა.

ამ დასკვნაზე დაყრდნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჩათვალა, რომ ანტიბიოტიკიანმა ნაკელმა რძეც გააფუჭა და 200-მდე ძროხაც დახოცა, სასამართლომ ჩირინას დახოცილი ძროხების საფასური და ახალი ძროხების ყიდვისთვის ბანკიდან აღებული სესხის პროცენტის გადახდაც დააკისრა.

რადიო თავისუფლების ცნობით, სასამართლოს მასალებში დევს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წერილიც, რომ ნაკელში აღმოჩენილი ტეტრაციკლინი არ არის აკრძალული ვეტერინარული პრეპარატების სიაში. ამ ანტიბიოტიკს დღემდე იყენებენ ფერმერები. დოკუმენტებით ასევე ჩანს, რომ ტეტრაციკლინით თავად “ყვარლის ბაგის” ვეტერინარიც მკურნალობდა ძროხებს.

“ჩირინას” მფლობელი უარყოფს ტეტრაციკლინის გამოყენებას თავის ქათმის ფერმაში და ამბობს, რომ სხვა მედიკამენტს იყენებდა.

კომენტარები