სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათმა ინსპექტორებმა 28 მარტს შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) შეამოწმეს. მათი ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, "თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად".
გარდა ამისა, შპს ვიმ-ბილ-დან საქართველოს დაევალა აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა; ასევე არასწორად ეტიკეტირებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.
სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა გამოვლინდა ხუთ ნიმუშში. კერძოდ,
- სასმელი რძე საბავშვო, ულტრაპასტერიზებული - 2,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;
- სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;
- სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;
- სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;
- სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.
"შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე.
აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას" - აცხადებს სააგენტო.
- ყვარლის ბაგაში ამბობენ, რომ EU-ში აკრძალულ ქათმის ნაკელს ძროხებს 2018-2019 წლებში აჭმევდნენ
- სანტე დუმს, შეწყვიტეს თუ არა "სკინტლის რძის" შესყიდვა მას მერე, რაც ამ პრობლემაზე გაიგეს





