რძე

შეუსაბამობა მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებში გამოვლინდა - სურსათის სააგენტო

სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ანა გემაზაშვილის მტკიცებით, აფლატოქსინის გადაჭარბებული შემცველობა მხოლოდ "მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებში" გამოვლინდა. მისი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად აკონტროლებს რძის მეწარმე ყველა ბიზნესოპერატორს.

"რძის მწარმოებლები განეკუთვნებიან მაღალი რისკის მწარმოებლებს, ამიტომ ასეთ ობიექტს მინიმუმ 4-ჯერ ვამოწმებთ, ეს ნიშნავს 4-ჯერ გეგმურ შემოწმებას, 4 გადამოწმებას.

ფაქტობრივად, მაღალი რისკის საწარმოებში კონტროლი ხორციელდება ყოველ 2 თვეში ერთხელ. გარდა იმისა, რომ საწარმოო პროცესი მოწმდება, კონტროლდება ასევე ბაზარზე განთავსებული ყველა დასახელების რძის ნაწარმი. მათ შორის  რძე და ასევე აღნიშნული ბიზნესოპერატორის რძეც არაერთხელ არის  შემოწმებული.

არაერთ მაჩვენებელზე ხდება მონიტორინგი, ნიმუშების აღება და სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოკვლევა. მათ შორის ამ მაჩვენებელზეც გამოკვლეულ იქნა როგორც შარშან, ასევე შარშანწინ "ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ წარმოებული რძე და ამ დრომდე არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებული აფლატოქსინის გადაჭარბებული შემცველობა.

ეს კონკრეტული ფაქტი დაკავშირებული იყო მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებთან, სადაც აღმოჩნდა შეუსაბამობა ლაბორატორიული გამოცდის შედეგად.

სააგენტოს მიერ მყისიერად გავრცელდა ინფორმაცია სწორედ იმიტომ, რომ დაგვეცვა მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა. თავად ბიზნესოპერატორიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია და იმავე დღესვე დაიწყო ამ კონკრეტული პარტიების გამოთხოვა ბაზრიდან.

მინდა დავაწყნარო ჩვენი მომხმარებელი, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, თუკი რაიმე დარჩენილია აღნიშნული პარტიებიდან, მათი გამოთხოვა ბაზრიდან,“ - ამბობს ანა გემაზაშვილი.

გუშინ, 3 აპრილს, ​​​​სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ მათმა ინსპექტორებმა 28 მარტს შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) შეამოწმეს. მათი ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, კომპანიას დაევალა  აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა.

სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა გამოვლინდა ხუთ ნიმუშში. კერძოდ,

  • სასმელი რძე საბავშვო, ულტრაპასტერიზებული - 2,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;
  • სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;
  • ⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;
  • ⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;
  • ⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.

"შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე.

აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას" - აცხადებს სააგენტო.

კომენტარები