სოფლის ნობათი გამოეხმაურა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებას, რომ სააგენტო ბაზრიდან აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობის შემცველი რძის პროდუქტების ამოღებასა და დალუქვას იწყებს.
სეს-ის ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სოფლის ნობათის აზერბაიჯანში წარმოებული 5 დასახელების პროდუქტში, კერძოდ, რძის ნიმუშებში, რომელთაგან ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი, აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა გამოვლინდა.
სოფლის ნობათის განცხადებით, სეს-ის ბრძანების შესაბამისად, კომპანია გაყიდვიდან უახლოეს საათებში ამოიღებს აზერბაიჯანში წარმოებული რძის მცირე პარტიას. თუმცა, რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია აქვე აღნიშნავს, რომ "მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა, სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი, რომ იგი შესაძლოა, ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს".
კომპანიის თქმით, სეს-ის რეგულაცია მხოლოდ აზერბაიჯანში წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის პროდუქტების მცირე რაოდენობაზე ვრცელდება და "არანაირად არ მოქმედებს სოფლის ნობათის ქართულ საწარმოში დამზადებულ პროდუქტებზე". როგორც განცხადებაში ასევე აღნიშნულია, "პროდუქცია აკმაყოფილებს ხარისხისა და სურსათის უვნებლობის ყველა მოთხოვნას და სრულადაა მორგებული მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს".
გთავაზობთ სოფლის ნობათის სრულ განცხადებას:
"ჩვენთვის, PepsiCo-ში, არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, ვიდრე ჩვენი მომხმარებლებისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება.
სწორედ ამიტომ, განცხადების გარეშე ვერ დავტოვებთ დღეს სურსათის უვნებლობის სააგენტოდან მიღებულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც გაყიდვიდან ვიღებთ ჩვენი პარტნიორების მიერ აზერბაიჯანში წარმოებული რძის მცირე პარტია (UHT რძე). გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა, სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი რომ იგი შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს.
მოთხოვნების ტექნიკურ დეტალებში შეუთანხმებლობისა და გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად, ჩვენ აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ შესაბამის ორგანოებთან, რათა ყველაფერი უფრო ცხადი და გასაგები გახდეს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, რძის აღნიშნული პარტია უახლოეს საათებში სრულად იქნება ამოღებული გაყიდვიდან. ამასთან, ჩვენ ვწყვეტთ თანამშრომლობას ზემოხსენებულ აზერბაიჯანელ პარტნიორთანაც მანამ, სანამ ყველა ტექნიკური დეტალი არ დაზუსტდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ აზერბაიჯანში წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის მცირე რაოდენობაზე და არანაირად არ მოქმედებს სოფლის ნობათის ქართულ საწარმოში დამზადებულ პროდუქტებზე. ჩვენი პროდუქცია აკმაყოფილებს ხარისხისა და სურსათის უვნებლობის ყველა მოთხოვნას და სრულადაა მორგებული მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს.
ბოდიშს გიხდით შექმნილი გაუგებრობისთვის და გპირდებით, რომ ყველაფერს ეფექტურად და საფუძვლიანად გამოვიძიებთ". - ამბობს სოფლის ნობათი.
ცნობისთვის, თავად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს მომხმარებლებს მოუწოდა, არ გამოიყენოს სოფლის ნობათის აღნიშნული პროდუქცია, ვინაიდან აფლატოქსინ M1-ით დაბინძურებული პროდუქცია "საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას".
"შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოს" დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე.
აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას" - განაცხადა სააგენტომ.





