რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პოლონეთმა უკრაინას კიდევ 5 000 ერთეული Starlink Enterprise-ის ტერმინალი გადასცა

პოლონეთმა უკრაინას დამატებით 5 000 ერთეული Starlink Enterprise-ის ტერმინალი გადასცა, რაც სამხედროების და კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის სტაბილური კავშირის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო სოციალურ ქსელებში ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული Starlink-ის ტერმინალები დაეხმარება კავშირის აღდგენას დეოკუპირებულ რეგიონებში, უზრუნველყოფს სკოლების, სამედიცინო და სოციალური დაწესებულებების, ენერგოკომპანიებისა და სამხედროების მუშაობას.

სამინისტროში ამბობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, უკრაინამ ჯამში უკვე 50 000-ზე მეტი ტერმინალი მიიღო, მათ შორის ყველაზე მეტი, 29 500, სწორედ პოლონეთისგან.

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილო ფიოდოროვის განცხადებით, Starlink-ის ტერმინალები დაეხმარებიან ფრონტის ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს კავშირის შენარჩუნებაში: ახლობლებთან დარეკვაში, გადაუდებელი სამსახურების გამოძახებაში, ახალი ამბების წაკითხვაში, რადგან დეოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდასხმებისა და ინფრასტრუქტურის განადგურების გამო, ჩვეულებრივი კავშირი ხშირად მიუწვდომელია.

კომენტარები