აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 3 აპრილს ევროპელ კოლეგებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "NATO-ს მხარს უჭერს", მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ტრამპს სურს, მოკავშირეებმა "რეალისტური გზა" დასახონ, რათა ალიანსის შესაძლებლობების კუთხით მათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გადაინაწილონ.
"პრეზიდენტმა ტრამპმა გარკვევით თქვა, ჩვენ NATO-ს ვემხრობით და NATO-ში დავრჩებით. ის NATO-ს წინააღმდეგი არ არის. იგი ეწინააღმდეგება ისეთ NATO-ს, რომელსაც საჭირო უნარები არ აქვს". - თქვა რუბიომ.
მისი თქმით, "არავინ მოელის, რომ ამას ერთ ან ორ წელიწადში შეძლებთ, მაგრამ ამის მისაღწევი გზა უნდა არსებობდეს".
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ასევე უარყო ცნობები ევროპაში აშშ-ს არმიის ან ამერიკელი სამხედროების განლაგების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით, რასაც მან "ისტერია და ჰიპერბოლა" უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ კონტინენტზე ხარჯვის კუთხით პრიორიტეტები უნდა შეიცვალოს.
"ეს არის განვითარებული ეკონომიკების, მდიდარი ქვეყნების ერთობა, რომელსაც უფრო მეტის გაკეთების უნარი აქვს". - თქვა რუბიომ.





