დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

აშშ ზოგიერთი ტურისტისთვის სოციალური მედიის შემოწმების დაწესებას გეგმავს

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ახალი წინადადების ფარგლებში, აშშ ზოგიერთი ტურისტისთვის სოციალური მედიის შემოწმების დაწესებას გეგმავს.

აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის (CBP) მიერ გამოქვეყნებული წინადადების თანახმად, ტურისტებს, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოდან, ავსტრალიიდან, საფრანგეთიდან და იაპონიიდან, აშშ-ში ვიზიტისთვის განაცხადის ნაწილად სოციალური მედიის 5-წლიანი ისტორიის წარდგენა მოეთხოვებათ. წინადადება საბოლოო არ არის და შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

აშშ-ს უვიზო პროგრამაში შემავალი ქვეყნებიდან ჩასულ სტუდენტებს შეუძლიათ 90 ან ნაკლები დღით ვიზიტისთვის მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემას (ESTA) მიმართონ. სოციალური მედიის შემოწმება სწორედ ESTA-ს განაცხადის შევსების "სავალდებულო ნაწილია".

ამასთან, აშშ-ს სასაზღვრო ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი "რამდენიმე მაღალი მნიშვნელობის მონაცემთა ველს", მათ შორის, განმცხადებლების ელექტრონული ფოსტის მისამართებს ბოლო 10 წლის განმავლობაში, ასევე, მათ მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოყენებული ტელეფონის ნომრებსა და ოჯახის წევრების მონაცემებს შეაგროვებენ.

სოციალური მედიის შემოწმების გარდა, განმცხადებლებს ასევე მოეთხოვებათ ე.წ. სელფების ატვირთვა, რაც CBP-ის თქმით, მათი შემოწმების პროცესებს გააუმჯობესებს და უკეთ დაადგენს, არის თუ არა პირი ESTA-ს ავტორიზაციის მისაღებად გამოყენებული დოკუმენტების კანონიერი მფლობელი.

კომენტარები