ნორვეგია

FT: ნორვეგიის ოპოზიციის თქმით, სამხედრო ფირმებში ინვესტიციაზე შეზღუდვების გაუქმება სურთ

ნორვეგიის კონსერვატორთა ლიდერი, ერნა სოლბერგი
Marit Hommedal/NTB/AFP/Getty Images

გამოცემა Financial Times-თან საუბრისას ნორვეგიის ორი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ ქვეყნის სუვერენული სიმდიდრის ფონდს ბირთვული ან კასეტური იარაღების ნაწილების დამამზადებელ სამხედრო სამრეწველო კომპანიებში ინვესტირების აკრძალვის გაუქმებას უჭერენ მხარს.

ოპოზიციის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ აკრძალვის შედეგად ნორვეგიის სუვერენულ ფონდს არ შეუძლია, რომ ინვესტიცია ჩადოს ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Boeing, Lockheed Martin, Northrop Grumman, BAE Systems, Airbus და სხვები.

მიმდინარე წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე მემარჯვენე ცენტრისტულმა პარტიებმა, პროგრესმა და კონსერვატორებმა FT-სთან საუბრისას თქვეს, რომ ამ აკრძალვის გაუქმება სურთ.

როგორც კონსერვატორების ლიდერმა და ნორვეგიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ერნა სოლბერგმა გამოცემასთან თქვა, "ირონიულია“, რომ ნორვეგია ბირთვული იარაღის დამამზადებელ კომპანიებში ინვესტიციას კრძალავს.

"დღეს გვაქვს შეზღუდვები, რომლებიც ნავთობის ფონდს თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებას უკრძალავს. ჩვენ მათ გავაუქმებთ. სრულად სიგიჟეა“. - თქვა სოლბერგმა.

პროგრესის დეპუტატმა, ჰანს ანდრეას ლიმიმ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც ბირთვული იარაღისთვის საჭირო ნაწილების მწარმოებელ კომპანიებში ინვესტირების აკრძალვის გაუქმებას ითვალისწინებს.

"ეს თვალთმაქცობაა. ჩვენ NATO-ს წევრი ვართ, ძალიან დამოკიდებულები ვართ უსაფრთხოებაზე, რომლის მოწოდებაც ჩვენთვის აშშ-ს შეუძლია. იგივე კომპანიებისგან აღჭურვილობას ვყიდულობთ, მაგრამ მათში ინვესტირება არ შეგვიძლია“. - თქვა ლიმიმ ინტერვიუში.

ნორვეგიის სუვერენული ფონდი მსოფლიოში უდიდესია და დაახლოებით 1.8 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

ოპოზიციურმა პარტიებმა პოზიცია მას შემდეგ გამოხატეს, რაც ევროპის ქვეყნების თავდაცვის ხარჯების მოსადლონელი ზრდის ფონზე მსოფლიოს გარშემო ინვესტორები თავდაცვის კომპანიებში ინვესტიციის შესაძლებლობას განიხილავენ.

ლიმის თქმით, ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდის გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და შესაძლოა სხვა აქციონერების გადაწყვეტილებებზეც იმოქმედოს.

2005-2006 წლებიდან ნორვეგიის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სუვერენული სიმდიდრის ფონდს თამბაქოს, ქვანახშირისა და ბირთვული და კასეტური იარაღებისთვის ნაწილების მწარმოებელ კომპანიებში ინვესტიცია ეკრძალება.

კომენტარები