რუსეთი-სომხეთი

რუსეთის ვიცეპრემიერი: სომხეთს მოუწევს EU-სა და ევრაზიის კავშირს შორის არჩევანის გაკეთება

რუსეთის ვიცეპრემიერი ალექსეი ოვერჩუკი
bm.ge

რუსეთის ფედერაციის ვიცეპრემიერის, ალექსეი ოვერჩუკის თქმით, სომხეთმა ევროკავშირსა და ევრაზიის კავშირს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.

ოვერჩუკის თქმით, ის გაეცნო სომხეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ევროკავშირისკენ სწრაფვის კანონპროექტს. 

"კანონის ტექსტს გავეცანი. ისეთია, ყველაფერი კარგი, ყველაფერი ცუდის წინააღმდეგ, სრულიად ზოგადი სიტყვებია. მაგრამ ეს სომხეთი შიდა საქმეა". – თქვა რუსეთის ვიცეპრემიერმა.

ოვერჩუკმა აღნიშნა, რომ EU-სა და ევრაზიის კავშირს დაახლოებით ერთნაირი დღის წესრიგი აქვს:

"ამიტომ, რა თქმა უნდა აუცილებელი იქნება არჩევანის გაკეთება. იმიტომ, რომ ორ სკამზე ერთდროულად ჯდომა ცხადია არ გამოვა".

26 მარტს პარლამენტმა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

 

საპარლამენტო ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და აღნიშნულ კანონპროექტს "დაცინვა" უწოდა.

მიმდინარე წლის იანვარში,  სომხეთმა და აშშ-მ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება დადეს. დოკუმენტს ხელი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოაწერეს. 

ხელის მოწერის ცერემონია აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში შედგა. 

ცერემონიაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეთანხმება სომხეთისა და აშშ-ს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპია. 

კომენტარები