სომხეთი

სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას ითვალისწინებს.

2025 წლის 26 მარტს სომხეთის პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით "სომხეთის რესპუბლიკის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა.

პარლამენტის კენჭისყრის შედეგად, კანონპროექტს მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 7-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო.

ინიციატორთა ჯგუფის უფლებამოსილი წარმომადგენლის, არტაკ ზეინალიანის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ევროპული ქვეყნების დედაქალაქებიდან და ინსტიტუტებიდან სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და პარლამენტარების მხრიდან გამოითქვა ერთმნიშვნელოვანი და მკაფიო სიგნალები სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

"დოკუმენტის შესავალში აღნიშნულია: სომხეთი, მიზნად ისახავს განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები, გააუმჯობესოს საზოგადოებრივი კეთილდღეობა, გააძლიეროს ქვეყნის უსაფრთხოება, მდგრადობა და კანონის უზენაესობა და აცხადებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ" - ამბობს ზეინალიანი.

ევროინტეგრაციის საკითხების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, არმან ეგოიანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირში წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანა არ იგეგმება - აღნიშნული კანონპროექტი კი მხოლოდ საზოგადოების ნებას გამოხატავს.

საპარლამენტო ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და აღნიშნულ კანონპროექტს "დაცინვა" უწოდა.

მიმდინარე წლის იანვარში,  სომხეთმა და აშშ-მ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება დადეს. დოკუმენტს ხელი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოაწერეს. 

ხელის მოწერის ცერემონია აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში შედგა. 

ცერემონიაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეთანხმება სომხეთისა და აშშ-ს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპია. 

კომენტარები