თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ აქციების დროს დაკავებული საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადაისინჯა. პროკურატურა სხვიტარიძის კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე - მის გათავისუფლებამ. მოსამართლე ნაჭყებიამ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა.
პროცესზე გამოიკითხა საქმეში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი, თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მირიან ქავთარაძის მოადგილე, მიხეილ სუჯაშვილი.
სუჯაშვილმა გამოკითხვისას თქვა, რომ თბილისი მარიოტთან, სადაც ოპოზიცია შეხვედრას მართავდა, მირიან ქავთარაძესთან ერთად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული იყო მისული. მისივე თქმით, ადგილზე ვითარების დაძაბვის შემდეგ, სხვიტარიძე "აგრესიული გახდა და მირიან ქავთარაძეს თავში ხელკეტის მსგავსი საგანი ჩაარტყა".
ადვოკატის შეკითხვაზე, დაინახა თუ არა წარდგენილ მასალაში ან იქ ადგილზე, როგორ ურტყამს მირიან ქავთარაძე გოგოს თავში ხელს, სუჯაშვილმა უპასუხა, რომ არ დაუნახავს.
საბა სხვიტარიძე ასევე დაზარალებულადაცაა ცნობილი, მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის საქმეზე.
ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილის შეკითხვაზე: "აღიარებ თუ არა, რომ გაუპატიურებით ემუქრებოდი?", სუჯაშვილმა უპასუხა, რომ "არ ყოფილა მსგავსი არაფერი".
საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს. სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სხვიტარიძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.