წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, კომისია ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს პროკურატურას გადასცემს

ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია სხდომაზე მისვლაზე უარის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს პროკურატურას გადასცემს.

საკითხს კომისიამ წულუკიანის თავმჯდომარეობით, კენჭი დღევანდელ სხდომაზე უყარა. 

"სახეზეა კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, შესაბამისად, შემოგთავაზებთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ეს შემთხვევაც გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას. თუ ყველა მომხრე იქნება, დღესვე გაიგზავნება საღამოს" - განაცხადა წულუკიანმა.

ოქრუაშვილის საქმის პროკურატურაში გადაგზავნას, მხარი კომისიის ყველა წევრმა დაუჭირა. 

ირაკლი ოქრუაშვილი სხდომაზე 26 მარტს იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. 

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სსკ-ს 349-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

იგივე მიზეზით, პროკურატურას კომისიამ უკვე გადაუგზავნა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერების, ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმეები. ხაზარაძე დღეს მაგისტრი მოსამართლის თანხმებით გამოიკითხა. 

კომენტარები