წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

ოქრუაშვილი, ნოღაიდელი, ვაშაძე - ენმ-ს საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ 6 პირი დაიბარა

წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ პაატა დავითაია, მიხეილ ქარელი, გრიგოლ ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი დაიბარა - სხდომა ხვალ, 26 მარტს, 10:00 საათზეა ჩანიშნული.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, სხდომაზე განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სსკ-ს 349-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

დღეს, 25 მარტს ჩატარებულ სხდომაზე დაბარებულები იყვნენ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - მათ კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.

ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა სხდომაზე თქვა, რომ კომისიაზე არგამოცხადების შემთხვევაში დგება "საკმაოდ მკაცრი სასჯელი", რომელიც ითვალისწინებს, მათ შორის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ხაზარაძის საქმე პროკურატურას გადაეცემა. 

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მას 25 მარტის 16:00 საათამდე ჰქონდა დრო, რომ კომისიის სამდივნოსთვის ეცნობებინა გადაწყვეტილების შესახებ. კომისია ჯაფარიძის გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურისთვის მიმართვაზე 26 მარტს იმსჯელებს.

კომენტარები