რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაკრონი: თუ რუსეთი უკრაინას კვლავ დაესხმევა თავს, სამშიდობოები პასუხს გასცემენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ შესაძლო ევროპულმა შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, სავარაუდოდ, უკრაინაში გაიგზავნებიან, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან პოტენციურ თავდასხმას "უპასუხონ", თუ მოსკოვი მას წამოიწყებს.

მაკრონმა ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ და პარიზში დაგეგმილი უკრაინის მხარდასაჭერად "მსურველთა კოალიციის" სამიტის წინ ისაუბრა. სამიტში 30-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.

"თუ უკრაინის ტერიტორიაზე კვლავ განმეორდება ფართომასშტაბიანი აგრესია, ეს არმიები ფაქტობრივად თავად აღმოჩნდებიან თავდასხმის ქვეშ და ასეთ შემთხვევაში ამოქმედდება ჩვენი ჩართულობის ჩვეულებრივი ჩარჩო" - ამბობს მაკრონი.

მან აღნიშნა, რომ ევროპული ძალები უკრაინის ფრონტის ხაზზე არ განთავსდებიან და "პირველივე დღეს რუსულ ძალებთან პირდაპირ ბრძოლაში არ ჩაერთვებიან". მისი თქმით, ეს იქნება ძალები, რომლებიც "რუსეთს ახალი თავდასხმისგან შეაკავებენ. ისინი დაიკავებენ მნიშვნელოვან ქალაქებსა და სტრატეგიულ ბაზებს, რაც მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს ევროპის რამდენიმე მთავრობისა და მოკავშირეების მხრიდან".

"ჩვენ არ ვიმყოფებით ფრონტის ხაზზე, არც საბრძოლველად მივდივართ — ჩვენ იქ ვიქნებით იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობა. ეს არის პაციფისტური, მშვიდობიანი მიდგომა. ერთადერთი, ვინც ასეთ შემთხვევაში კონფლიქტს ან საბრძოლო სიტუაციას გამოიწვევს, იქნებიან რუსები, თუკი კვლავ გადაწყვეტენ აგრესიის წამოწყებას" - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

"ახლახან ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა "მსურველთა კოალიციასთან". იმაზე დიდი, ვიდრე მანამდე გვქონდა - 30 ქვეყანა, პლუს, რა თქმა უნდა, NATO და ევროკავშირი - და სრულად მიზანდასახულები ვართ, ვიხილოთ მშვიდობა ძალის მეშვეობით. სრული სიცხადე იყო იმაზე, რომ რუსეთი მოცდენას ცდილობს, თამაშებს თამაშობს - ჩვენ აბსოლუტურად ცხადი უნდა ვიყოთ ამაზე და ეს იგულისხმება სამ შედეგში:

პირველ რიგში, მეტი მხარდაჭერა უკრაინისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა ყველაზე ძლიერ პოზიციაში იყოს, რაც შესაძლებელია, როგორც ახლა, ისე სამომავლო მოლაპარაკებებზე. მეორე, სრული სიცხადე იმაზე, რომ ახლა [რუსეთზე] სანქციების მოხსნის დრო არ არის. პირიქით, განვიხილეთ, როგორ შეიძლება სანქციების გაზრდა, რათა მხარი დავუჭიროთ აშშ-ს წინადადებას, რომ ამ ქვეყნების ჯგუფის მხრიდან, მეტი წნეხის მეშვეობით, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოვიყვანოთ და,რა თქმა უნდა, განვიხილეთ სამომავლო გეგმები, რათა გადაზღვეული იყოს "მსურველთა კოალიციის" სამშვიდობო შეთანხმება და სამხედრო და ოპერაციული გეგმები, იქნება ეს ხმელეთზე, ჰაერსა თუ ზღვაზე" - თქვა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად "მსურველთა კოალიციის" შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები