რადიო თავისუფლება

USAGM-მა რადიო თავისუფლებისთვის გრანტის გაუქმებაზე გადაწყვეტილება უკან წაიღო

აშშ-ს კოლუმბიის საოლქო სასამართლოს დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 26 მარტს აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM), რომელიც საქმეში დაცვის მხარეს წარმოადგენს, სასამართლოს წერილი წარუდგინა, რომლიდანაც ჩანს, რომ USAGM-იმ მოსარჩელის, ამ შემთხვევაში რადიო თავისუფლების, გრანტის გაუქმებაზე გადაწყვეტილება უკან წაიღო.

დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ USAGM-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარმა მრჩეველმა, კერი ლეიკმა, უკან წაიღო 15 მარტის წერილი, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის ფედერალური გრანტის შეთანხმების გაუქმებას გულისხმობდა.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ლეიკის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის ძირითადი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელე მხარის მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილდა, "დაცვის მხარის პოზიციაა, რომ ეს საკითხი ახლა მნიშვნელობა დაკარგულია".

"სულ მცირე, მოსარჩელის გრანტის აღდგენის ფონზე, ნამდვილად არ არსებობს "ცხადი და დიდი" შეუქცევადი ზიანი, რომელმაც შესაძლოა, გაამართლოს აღმკვეთი ღონისძიება". - წერს დაცვის მხარე.

აქედან გამომდინარე, დაცვის მხარე სასამართლო დოკუმენტში ითხოვს, რომ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა უარყოს, როგორც აზრდაკარგულად.

Radio Free Europe/Radio Liberty (RFE/RL)-მ 18 მარტს აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) და მის ოფიციალურ პირებს, კარი ლეიკსა და ვიქტორ მორალესს სასამართლოში უჩივლა, რათა RFE/RL-სთვის ფედერალური გრანტის შეწყვეტის შესახებ მათი მცდელობა შეაჩეროს.

საჩივარში აღნიშნულია, რომ RFE/RL-ისთვის კონგრესის მიერ გამოყოფილი დაფინანსების შეჩერება ფედერალური კანონებისა და აშშ-ს კონსტიტუციის დარღვევაა, რომელიც კონგრესს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას ფედერალური ბიუჯეტის განკარგვაზე. საქმე აშშ-ს კოლუმბიის ოლქის საოლქო სასამართლოში განიხილება.

"ახლა არ არის იმის დრო, რომ ამერიკის მოწინააღმდეგეების პროპაგანდასა და ცენზურას გზა დავუთმოთ. მიგვაჩნია, რომ კანონი ჩვენს მხარესაა და მსოფლიოში დესპოტების მიერ ჩვენი დასასრულის აღნიშვნა ნაადრევია" - ამბობს RFE/RL-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, სტივენ კაპუსი.

გუშინ, 26 მარტს, რადიო თავისუფლებამ (Radio Free Europe/Radio Liberty და Radio Free Asia) აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ RFE/RL-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა, ხოლო დაფინანსების შეწყვეტის ბრძანება დროებით შეაჩერა.

როგორც გამოცემა წერს, საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა "სავარაუდოდ, თვითნებური და დაუსაბუთებელი იყო, რაც, სავარაუდოდ, არღვევს ადმინისტრაციული პროცედურების აქტსა დაა აშშ-ის კონსტიტუციას".

ცნობისთვის, 15 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალური სააგენტოს ისეთი ფუნქციების შეწყვეტა დაევალება, რომელთა შესრულებაც წესდებით დადგენილი არ არის.

სააგენტოებისა და დეპარტამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება, ასე გამოიყურება:

  • მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი;
  • აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის;
  • ვუდრო უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი;
  • სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი;
  • აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ;
  • თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი;
  • უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.

აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (U.S. Agency for Global Media) ზედამხედველობს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა ამერიკის ხმა (Voice of America), რადიო თავისუფლება (Radio Free Europe/Radio Liberty და Radio Free Asia). 

კომენტარები