რადიო თავისუფლება (Radio Free Europe/Radio Liberty და Radio Free Asia) აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ RFE/RL-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა, ხოლო დაფინანსების შეწყვეტის ბრძანება დროებით შეაჩერა.
როგორც გამოცემა წერს, საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა "სავარაუდოდ, თვითნებური და დაუსაბუთებელი იყო, რაც სავარაუდოდ არღვევს ადმინისტრაციული პროცედურების აქტსა დაა აშშ-ის კონსტიტუციას".
"შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" მოთხოვნა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა.
სასამართლოს 25 მარტით დათარიღებული განჩინების თანახმად, რომ USAGM-ის მიერ რადიო თავისუფლებისათვის საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა, - რაც ორგანიზაციის დახურვის პროცესის დაწყების წინაპირობაა, - სავარაუდოდ, თვითნებური და დაუსაბუთებელი იყო და სავარაუდოდ, არღვევს ადმინისტრაციული პროცედურების აქტსა და აშშ-ის კონსტიტუციას.
თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და საქმის განხილვა გრძელდება.
მოსამართლემ ასევე უნდა გადაწყვიტოს, საბოლოოდ დააკმაყოფილებს თუ არა რადიო თავისუფლების მოთხოვნას, რომ კონგრესის მიერ გამოყოფილი 77 მილიონი დოლარი, - რაც 30 სექტემბრამდეა გათვალისწინებული, - ორგანიზაციას სრულად გადასცეს.
რადიო თავისუფლება მიიჩნევდა, რომ დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გარეშე, ორგანიზაციას გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდა. ეს არგუმენტი მოსამართლემ გაიზიარა.
კოლუმბიის ოლქის მოსამართლე როის ლამბერთი 25 მარტით დათარიღებულ განჩინებაში წერს:
"კონგრესს დადგენილი აქვს, რომ "ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაა, ხელი შეუწყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას" და „ინფორმაციისა და იდეების ღია მიმოცვლა მსოფლიოს ხალხებს შორის ხელს უწყობს საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას“ (ამონარიდები აშშ-ის 1973 წელს მიღებული საერთაშორისო მაუწყებლობის აქტიდან). რადიო თავისუფლება ათწლეულებია ფუნქციონირებს, როგორც ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც კონგრესის მიერ კანონით განსაზღვრულ ამ პოლიტიკას ახორციელებს. USAGM-ის ხელმძღვანელობას არ შეუძლია, ერთი წინადადებით, - რაც, პრაქტიკულად, ახსნა-განმარტებას არ მოიცავს, - აიძულოს რადიო თავისუფლება, დახუროს, - მაშინაც კი, თუკი ეს მას ასე უთხრა პრეზიდენტმა“.
რადიო თავისუფლებას გრანტი შეუწყვიტეს წერილით, რომელსაც ხელს აწერდა კერი ლეიკი, როგორც "USAGM-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარი მრჩეველი, რომელსაც უფლებამოსილება აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან აქვს მინიჭებული".
წერილში ნათქვამი იყო, რომ გრანტი აღარ წარმოადგენდა USAGM-ის პრიორიტეტებს - სხვა ახსნა-განმარტება წერილში არ ყოფილა მითითებული". - წერია რადიო თავისუფლების განცხადებაში.
Radio Free Europe/Radio Liberty (RFE/RL)-მ 18 მარტს აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) და მის ოფიციალურ პირებს, კარი ლეიკსა და ვიქტორ მორალესს სასამართლოში უჩივლა, რათა RFE/RL-სთვის ფედერალური გრანტის შეწყვეტის შესახებ მათი მცდელობა შეაჩეროს.
საჩივარში აღნიშნულია, რომ RFE/RL-ისთვის კონგრესის მიერ გამოყოფილი დაფინანსების შეჩერება ფედერალური კანონებისა და აშშ-ს კონსტიტუციის დარღვევაა, რომელიც კონგრესს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას ფედერალური ბიუჯეტის განკარგვაზე. საქმე აშშ-ს კოლუმბიის ოლქის საოლქო სასამართლოში განიხილება.
"ახლა არ არის იმის დრო, რომ ამერიკის მოწინააღმდეგეების პროპაგანდასა და ცენზურას გზა დავუთმოთ. მიგვაჩნია, რომ კანონი ჩვენს მხარესაა და მსოფლიოში დესპოტების მიერ ჩვენი დასასრულის აღნიშვნა ნაადრევია" - ამბობს RFE/RL-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, სტივენ კაპუსი.
15 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალური სააგენტოს ისეთი ფუნქციების შეწყვეტა დაევალება, რომელთა შესრულებაც წესდებით დადგენილი არ არის.
სააგენტოებისა და დეპარტამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება, ასე გამოიყურება:
- მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი;
- აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის;
- ვუდროუ უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი;
- სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი;
- აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ;
- თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი;
- უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.
ცნობისთვის, აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (U.S. Agency for Global Media) ზედამხედველობს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა ამერიკის ხმა (Voice of America), რადიო თავისუფლება (Radio Free Europe/Radio Liberty და Radio Free Asia).





