რადიო თავისუფლება

ევროკავშირი RFE/RL-ს 5.5 მილიონი ევროს დაფინანსებას გამოუყოფს

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, ევროკავშირი რადიო თავისუფლების (RFE/RL) მხარდასაჭერად 5.5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფას გეგმავს.

კალასის თქმით, ეს იქნება "მოკლევადიანი, საგანგებო დაფინანსება, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის უსაფრთხოების ქსელის შექმნას ისახავს მიზნად".

დაფინანსებას ადმინისტრირებას ევროკავშირის დემოკრატიის ფონდი (European Endowment for Democracy) გაუწევს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-ს დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ ევროკავშირი მედიის დასახმარებლად სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.

"ჩვენ ამჟამად იდეებზე ვმუშაობთ, მაგრამ ცხადია, რომ ეს არის ღირებული ინსტიტუტები, რომელთა მისიაც უნდა გაგრძელდეს".  - თქვა სიკორსკიმ.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირმა შესაძლოა RFE/RL-სთვის მუდმივი დაფინანსების მექანიზმი შექმნას, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა გრძელვადიანი დაფინანსების გამოსავალი უნდა მოძებნონ.

"თუ გადავხედავთ მათ მთლიან ბიუჯეტს, რომელიც გლობალურად მათი მუშაობისთვის არის საჭირო, აშკარაა, რომ მხოლოდ ევროპა ვერ შეძლებს საჭირო დაფინანსებას. ჩვენი ყურადღება უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ RFE-მ საქმიანობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში შეძლოს". - აღნიშნა კალასმა.

მანამდე, ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანარადიო თავისუფლებას (RFE/RL) კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი გადასცეს. 

კოლუმბიის საოლქო სასამართლოს მოსამართლე როის ლამბერტმა აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს, რომელიც ფედერალური მთავრობის მიერ დაფინანსებულ გამოცემებს ზედამხედველობს, მათ შორის, რადიო თავისუფლებასაც, ორგანიზაციისთვის აპრილისთვის გამოყოფილი $12 მილიონის გადახდა უბრძანა. 

ტრამპის ადმინისტრაციამ რადიო თავისუფლებას დაფინანსება მარტში შეუწყვიტა, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც სხვა სააგენტოებთან ერთად, ორგანიზაციის ზედამხედველი, გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) დაშლა ბრძანა. მოსამართლე ლამბერტმა დაფინანსების შეწყვეტა აღმასრულებელი ბრძანების მიღებიდან დაახლოებით ერთ კვირაში შეაჩერა. მოსამართლე ამბობდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს ისეთი ორგანიზაციის დახურვა, რომელსაც კონგრესი აფინანსებდა, ცალმხრივად არ შეეძლო.

კომენტარები