რადიო თავისუფლება

მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას RFE/RL-სთვის აპრილის თვის გრანტის გადაცემა უბრძანა

dw.com

ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, რადიო თავისუფლებას (RFE/RL) კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი გადასცეს. 

კოლუმბიის საოლქო სასამართლოს მოსამართლე როის ლამბერტმა აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს, რომელიც ფედერალური მთავრობის მიერ დაფინანსებულ გამოცემებს ზედამხედველობს, მათ შორის, რადიო თავისუფლებასაც, ორგანიზაციისთვის აპრილისთვის გამოყოფილი $12 მილიონის გადახდა უბრძანა. 

როგორც The New York Times წერს, შესამჩნევია, რომ მოსამართლე ლამბერტმა აღნიშნული გადაწყვეტილებით საკუთარ წინა ბრძანებაში არსებული ხვრელი აღმოფხვრა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევდა, რადიო თავისუფლებისთვის გამოყოფილ ფონდები შეეზღუდა ისე, რომ თან სასამართლოს გადაწყვეტილებასაც დამორჩილებოდა. 

"ამ შემთხვევაში, კონგრესი იყო ის, ვინც ფონდების გაცემა ბრძანა. მოკლედ რომ ვთქვათ: ამჟამინდელმა კონგრესმა და პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღეს კანონი, რომლითაც მოსარჩელეებს თანხები გამოეყოფათ". - ნათქვამია მოსამართლის გადაწყვეტილებაში. 

ტრამპის ადმინისტრაციამ რადიო თავისუფლებას დაფინანსება მარტში შეუწყვიტა, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც სხვა სააგენტოებთან ერთად, ორგანიზაციის ზედამხედველი, გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) დაშლა ბრძანა. მოსამართლე ლამბერტმა დაფინანსების შეწყვეტა აღმასრულებელი ბრძანების მიღებიდან დაახლოებით ერთ კვირაში შეაჩერა. მოსამართლე ამბობდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს ისეთი ორგანიზაციის დახურვა, რომელსაც კონგრესი აფინანსებდა, ცალმხრივად არ შეეძლო. 

მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება გააუქმა, თუმცა თანხების კონტროლი განაგრძო. ადმინისტრაცია ამბობდა, რომ გამოცემასთან საგრანტო ხელშეკრულების ახალი პირობების შესახებ ჰქონდა მოლაპარაკებები. 

ხელშეკრულების ტექსტში, რომელიც ადმინისტრაციამ წარადგინა, როგორც NYT წერს, ტრამპის გუნდს დაფინანსების შეჩერებისა და ორგანიზაციის პროგრამის ნაწილის დახურვის უფლებამოსილების მიღება სურდა. ხელშეკრულება ტრამპის ადმინისტრაციას ასევე მისცემდა საშუალებას, განესაზღვრა რადიო თავისუფლების სარედაქციო საბჭოს წევრები. ეს უფლებამოსილება კონგრესმა 2020 წელს, ტრამპის პირველ საპრეზიდენტო ვადაში გაიწვია, როდესაც გლობალური მედიის სააგენტოდან ტრამპის მიერ ორგანიზაციის სარედაქციო საბჭოს წევრად დანიშნული პირი საბჭოს სარედაქციო გადაწყვეტილებებში უხეშად ჩაერია. 

რადიო თავისუფლებამ ტრამპის ადმინისტრაციას აპრილისთვის გამოყოფილი დაფინანსების გაცემა სთხოვა, რათა ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების დროს ოპერირების გაგრძელება შეძლებოდათ, თუმცა ადმინისტრაციამ რამდენჯერმე უგულებელყო ეს მოთხოვნა. 

კომენტარები