რადიო თავისუფლება

აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტო RFE/RL-სთვის გრანტის ნაწილის გამოყოფას დათანხმდა

აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რადიო თავისუფლებისთვის (Radio Free Europe/Radio Liberty და Radio Free Asia) კონგრესის მიერ განსაზღვრული გრანტის ნაწილის გამოყოფას დათანხმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება USAGM-მ მის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვის დაწყებამდე მიიღო.

გადაწყვეტილების შედეგად რადიო თავისუფლება 7.46 მილიონ დოლარს მიიღებს. ეს თანხა მედიას 1-დან 14 მარტამდე უნდა მიეღო, სანამ 14 მარტს აშშ-ს კონგრესი ფედერალური დაფინანსების გაგრძელების შესახებ ახალ რეზოლუციას მიიღებდა, ხოლო 15 მარტს USAGM რადიოსთვის გრანტის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა.

როგორც USAGM-ს მიერ სასამართლოს სარჩელზე საპასუხოდ თანდართულ წერილშია აღნიშნული, რადიო თავისუფლება თანხას თვის ბოლოს მიიღებს. მოსამართლის გადაწყვეტილება კი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირებში გახდება ცნობილი.

რადიო თავისუფლების ცნობით, მედია სამართლებრივი პროცესის საშუალებით ცდილობს 2025 წლის 30 სექტემბრამდე კონგრესის მიერ განსაზღვრული და გამოყოფილი სრული საბიუჯეტო თანხის მიღებას და სურს, სასამართლომ ამ საკითხზე წინასწარი გადაწყვეტილება გამოსცეს.


Radio Free Europe/Radio Liberty (RFE/RL)-მ 18 მარტს აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) და მის ოფიციალურ პირებს, კარი ლეიკსა და ვიქტორ მორალესს სასამართლოში უჩივლა, რათა RFE/RL-სთვის ფედერალური გრანტის შეწყვეტის შესახებ მათი მცდელობა შეაჩეროს.

საჩივარში აღნიშნულია, რომ RFE/RL-ისთვის კონგრესის მიერ გამოყოფილი დაფინანსების შეჩერება ფედერალური კანონებისა და აშშ-ს კონსტიტუციის დარღვევაა, რომელიც კონგრესს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას ფედერალური ბიუჯეტის განკარგვაზე. საქმე აშშ-ს კოლუმბიის ოლქის საოლქო სასამართლოში განიხილება.

"ახლა არ არის იმის დრო, რომ ამერიკის მოწინააღმდეგეების პროპაგანდასა და ცენზურას გზა დავუთმოთ. მიგვაჩნია, რომ კანონი ჩვენს მხარესაა და მსოფლიოში დესპოტების მიერ ჩვენი დასასრულის აღნიშვნა ნაადრევია" - ამბობს RFE/RL-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, სტივენ კაპუსი.

15 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალური სააგენტოს ისეთი ფუნქციების შეწყვეტა დაევალება, რომელთა შესრულებაც წესდებით დადგენილი არ არის.

სააგენტოებისა და დეპარტამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება, ასე გამოიყურება:

  • მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი;
  • აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის;
  • ვუდროუ უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი;
  • სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი;
  • აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ;
  • თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი;
  • უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.

ცნობისთვის, აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (U.S. Agency for Global Media) ზედამხედველობს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა ამერიკის ხმა (Voice of America), რადიო თავისუფლება (Radio Free Europe/Radio Liberty და Radio Free Asia). 

კომენტარები