სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძარს სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა

21 მარტს, სამხრეთ კორეაში ბუნებრივი მიზეზებით დაწყებულმა ტყის ხანძარმა უკვე 36 000 ჰექტარზე მეტი ტყის საფარი დაწვა. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარია. ჩრდილოეთ გიონგსანგის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში 37 000-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო და  სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა.  

საგანგებო სიტუაციებისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა, ლი ჰან-კიუნგმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მშრალმა ამინდმა და ძლიერმა ქარმა ცეცხლის გავრცელება გაამწვავა. 

"ეს ტყის ხანძარი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს კლიმატური კრიზისის სასტიკ რეალობას, რომელიც აქამდე არ გვქონია" - თქვა ლიმ 

"ჩვენ კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ, რადგან ტყის ხანძრების უპრეცედენტოდ სწრაფმა გავრცელებამ მრავალი მსხვერპლი გამოიწვია" - თქვა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჰან დუკ-სუმ.  

მთავრობის საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის განცხადებით, 22 მარტს, დილით, ხელისუფლებამ ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად 9 000-ზე მეტი ადამიანი და დაახლოებით 120 ვერტმფრენი გააგზავნა. ასევე, კორეის საჰაერო ძალებმა სამაშველო ოპერაციებში მონაწილე ვერტმფრენებისთვის საავიაციო საწვავის სამხედრო რეზერვები გახსნა.

ხანძარმა საფრთხე შეუქმნა იუნესკოს ორი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს – ჰაჰოეს სოფელსა და ბიონგსანის კონფუციანურ აკადემიას ანდონგის ქალაქში. ოფიციალური პირის თქმით, ხელისუფლება ცეცხლის შემაკავებელი ქიმიკატების გამოყენებით ცდილობდა მათ დაცვას.

კომენტარები