კოალიცია ძლიერი საქართველოს გენერალური მდივანის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, კოალიციის ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავების რისკი რეალურია.
"ივანიშვილი ებრძვის მის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტს, რაც არის კოალიცია ძლიერი საქართველო და მისი ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი ცდილობს, ისინი დააპატიმროს და ეს რისკი უკვე რეალურია.
პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იმაზე, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე არ გამოცხადდნენ არალეგიტიმურ პარლამენტში, ერთპარტიულ, ქართული ოცნების უბრალო შეკრებაზე და უარი თქვეს მათთან თანამშრომლობაზე.
შეუძლებელია რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობა იმ პირობებში, როდესაც ათეულობით პოლიტპატიმარი ციხეშია და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია საფრთხეში და უფსკრულში მოსროლილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან". - განაცხადა კუპრაძემ
25 მარტს ჩატარებულ, წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე დაბარებულები იყვნენ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - მათ კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.
ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა სხდომაზე თქვა, რომ კომისიაზე არგამოცხადების შემთხვევაში დგება "საკმაოდ მკაცრი სასჯელი", რომელიც ითვალისწინებს, მათ შორის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ხაზარაძის საქმე პროკურატურას გადაეცემა.
- ხაზარაძე: საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ
- ჯაფარიძე კომისიაზე: ცილისმწამებლურ შოუში მონაწილეობას არ ვაპირებ!
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მას 25 მარტის 16:00 საათამდე ჰქონდა დრო, რომ კომისიის სამდივნოსთვის ეცნობებინა გადაწყვეტილების შესახებ. კომისიამ ჯაფარიძის გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურისთვის მიმართვაზე 26 მარტს იმსჯელა. წულუკიანის განცხადებით, ჯაფარიძის საქმეც პროკურატურას გადაეცემა.
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით დაიწყო, რაც, ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ითვალისწინებს.





