სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის სასამართლომ პრემიერმინისტრის და დროებითი პრეზიდენტის იმპიჩმენტი გააუქმა

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერმინისტრის, ჰან დოკ სუს იმპიჩმენტი გააუქმა, რის შემდეგაც ჰანი, როგორც მეორე უმაღლესი თანამდებობის მქონე პირი კვლავ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ხდება. 

ჰანმა მადლობა გადაუხადა სასამართლოს და მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა.

"არ არსებობს მარცხენა და მარჯვენა მხარე - ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებაა" – თქვა ჰანმა. 

ჰანს ბრალად ედება პრეზიდენტ იუნ სოკ იოლის მიერ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებაში თანამონაწილეობა. სწორედ ამის გამო მხარი დაუჭირა პარლამენტმა მის იმპიჩმენტს მაშინ, როდესაც ის იუნის იმპიჩმენტის შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა 2024 წლის დეკემბერში მოულოდნელად ქვეყანაში "სამხედრო მდგომარეობა" გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს პარლამენტის შენობის ოპოზიციისგან დაცვა უბრძანა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან მობილიზებული იყო ჯარი, ოპოზიციის წევრებმა მაინც შეძლეს შენობაში შესვლა და პრეზიდენტის ბრძანების გაუქმება. 

მოგვიანებით, პარლამენტმა იუნის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს საქმე და დაადგინოს, ოფიციალურად უნდა დატოვოს თუ არა იუნმა პრეზიდენტის თანამდებობა. სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას მიიღებს. 

 

კომენტარები