სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საჯარო სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლებას გამოეხმაურა. ომბუდსმენის თქმით, მათი სამოქალაქო პოზიციის გამო, საჯარო მოხელეების სამსახურიდან გაშვება დაუშვებელია.
"სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმიანება საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა, მათ შორის, საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების საკითხს და განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს.
ამასთან, უმნიშვნელოვანესია თანასწორობის პრინციპის დაცვა და დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო". - წერს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მათ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულმა არაერთმა ადამიანმა მიმართა.
"2024 წლის დეკემბრიდან, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულად შეეხმიანა სამსახურიდან გათავისუფლებულ 41 პირს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქმის სწარმოების პროცედურებისა და აპარატისთვის მომართვის თაობაზე. საგულისხმოა, რომ გათავისუფლებულების ნაწილი უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, ნაწილმა კი სახალხო დამცველის აპარატს მომართა და მოცემული ეტაპისთვის, აპარატი შეისწავლის შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაციის 8 საქმეს, რომელიც ჯამში 15 პირს მიემართება.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ უფლებადარღვეული სუბიექტების პოზიციებსა და მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევაში, მომართეთ სახალხო დამცველის აპარატს". - წერს სახალხო დამცველის აპარატი.