საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, უკვე 400 საჯარო მოხელე გაუშვეს სამსახურიდან უკანონოდ. ეკა გიგაურის თქმით, მათ პოლიტიკური შეხედულებების გამო სჯიან.
"ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ საჯარო სამსახურის უწყებაში ხდება რეორგანიზაცია. აბსოლუტურად უმიზეზოდ ძალიან ბევრი ადამიანი სამსახურიდან გაუშვეს [...] ბოლო ინფორმაციით, საჯარო სამსახურებიდან უკვე 400-მდე ადამიანი გათავისუფლდა. ეს პროცესი გრძელდება. ჩვენ საჯარო მოსამსახურეებისგან ზარებს ყოველდღიურად ვიღებთ [...]
მათი გათავისუფლების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ისინი საქართველოს კონსტიტუციას იცავენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ იმ უკანონობას გაემიჯნონ, რაც დღეს საქართველოში ხდება. ისინი ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის ისჯებიან. ჩვენ ამ ადამიანების დახმარებას გავაგრძელებთ". - თქვა საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
ასევე, ეკა გიგაურის თქმით, საჯარო რეესტრი პოლიტიკური გადაწყვეტილებით, უმიზეზოდ, საჯარო მოსამსახურეების პროფკავშირს არ არეგისტრირებს. გიგაური ამბობს, რომ ამით საჯარო რეესტრი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 3 კონვენციას არღვევს.





