გერმანიის კვერცხის ასოციაციის სპიკერის ცნობით, აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებმა ქვეყანაში კვერცხის სერიოზულ დეფიციტთან გასამკლავებლად მათაც მიმართეს.
ასოციაციის განცხადებით, მათ შესაბამისი თხოვნა ოფიციალურად მიიღეს, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს ამ ეტაპზე არ ავრცელებენ.
მანამდე, ამავე ასოციაციის პრეზიდენტი, ჰანს-პეტერ გოლდნიკი ამბობდა, რომ გერმანიიდან აშშ-ში კვერცხის ექსპორტი მცირე რაოდენობით ახლაც ხდება, თუმცა, მისივე თქმით, საუბარია ძალიან მცირე რაოდენობაზე.
ამასთან გოლდნიკის თქმით, კვერცხის მოჭარბებული რაოდენობა არც გერმანიას აქვს – 2023 წელს გერმანიაში მოხმარებული კვერცხის საერთო რაოდენობის 73% იყო გერმანიაში მოპოვებული, დანარჩენი კი - იმპორტირებული.
გასულ დღეებში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ კვერცხის სერიოზულ დეფიციტთან გასამკლავებლად ევროპულ ქვეყნებს მიმართა.
ფინეთის, დანიისა და შვედეთის მეფრინველეობის ასოციაციებმა კი საპასუხო განცხადებები გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ თხოვნის მიუხედავად აშშ-ში კვერცხის ექსპორტს ვერ დაიწყებენ.
ამის მიზეზი კი ერთი მხრივ, ექსპორტზე არსებული სხვადასხვა რეგულაციები და შეზღუდვებია, მეორე მხრივ კი ის, რომ კვერცხის მოჭარბებული რაოდენობა არც ევროპაშია.
ფრინველის გრიპის ეპიდემიამ კვერცხის მიწოდება შეამცირა, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია, განსაკუთრებით აშშ-ში. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო პერიოდში პირობა დადო, რომ კვერცხზე ფასებს შეამცირებდა, თუმცა თებერვალში ფასები ისევ 59%-ით მეტი იყო წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.





