ფრინველის გრიპი

აშშ-ს თხოვნის მიუხედავად, ფინეთი, დანია და შვედეთი აშშ-ში კვერცხის ექსპორტს ვერ დაიწყებენ

Getty Images

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Yle News წერს, რომ აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებმა ევროპას მიმართეს დახმარების თხოვნით ქვეყანაში სერიოზული კვერცხის დეფიციტთან გასამკლავებლად.

ფინური მეფრინველეობის ასოციაციის ცნობით, აშშ-დან მათ კვერცხის ექსპორტის საკითხთან დაუკავშირდნენ. თუმცა, როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორმა Yle-სთან საუბრისას აღნიშნა, ამჟამად ამერიკაში კვერცხების ექსპორტი შეუძლებელია, რადგან აშშ-ს მთავრობასთან მარკეტზე წვდომასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ ყოფილა. შესაბამისად, ეს საკითხი შესაძლოა შემოწმებებისა და კვლევების პროცესმა გააჭიანუროს.

ფინური გაზეთ Helsingin Sanomat-ის მიხედვით, აშშ-ს მხარის მოთხოვნაზე პასუხი ფინური კვების სააგენტოსთან თანამშრომლობით შეიმუშავეს და ამერიკელ ოფიციალურ პირებს გაუგზავნეს.

Yle წერს, რომ ფინეთს აშშ-ში კვერცხის პროდუქციის ექსპორტი ეროვნულ დონეზე დაშვებული არ აქვს. ხოლო ფინური მეფრინველეობის ასოციაციის დირექტორის თქმით, კვერცხის ექსპორტზე შესაძლო გატანას ბევრი გამოძიება და რეგულაციების გადალახვა დასჭირდება, ვინაიდან ფინეთს აშშ-ში კვერცხები გასაყიდად არასდროს გაუტანია.

ამასთანავე, მან დაამატა, რომ ექსპორტის დაწყების შემთხვევაშიც კი, ეს აშშ-ს დიდად ვერ დაეხმარება დეფიციტის დაძლევაში:

"ფრინველის გრიპის გამო მილიონობით ფრინველის მოკვლა გახდა საჭირო. ჩვენ ფინეთში ჯამში 4 მილიონი კვერცხის დამდები დედალი ქათამი გვყავს. ის რაოდენობა, რისი ექსპორტიც შეგვიძლია, კვერცხის დეფიციტის აღმოფხვრაში ვერ დაეხმარებათ". - თქვა ასოციაციის დირექტორმა.

ამას გარდა, დანიური გაზეთი AgriWatch წერს, რომ ამერიკაში კვერცხების ექსპორტის დაწყება აშშ-მ დანიას, შვედეთსა და ნიდერლანდებსაც სთხოვა.

შვედეთის ერთ-ერთ უდიდესი კვერცხის მწარმოებელმა კომპანიამ Kronägg-მა გამოცემა Aftonbladet-სთან განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა აშშ-ში კვერცხების ექსპორტის დაწყება, რადგან ექსპორტზე არსებული სხვადასხვა შეზღუდვიდან გამომდინარე ეს რთული იქნება.

ხოლო დანიური კვერცხის ასოციაციამ Reuters-თან განაცხადა, რომ საკითხს იკვლევენ, თუმცა დაამატეს, რომ ევროპაში კვერცხის სიჭარბე არ არის. დანიური ასოციაციის თქმით, აშშ-ში კვერცხის ექსპორტი დანიის შემთხვევაშიც რთული იქნება რეგულაციებიდან გამომდინარე.

ფრინველის გრიპის ეპიდემიამ კვერცხის მიწოდება შეამცირა, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია, განსაკუთრებით აშშ-ში. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო პერიოდში პირობა დადო, რომ კვერცხზე ფასებს შეამცირებდა, თუმცა თებერვალში ფასები ისევ 59%-ით მეტი იყო წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

ფინური მეფრინველეობის ასოციაციის დირექტორის თქმით, ფრინველის გრიპი მხოლოდ ამერიკელების პრობლემა არ არის, არამედ "ეს სერიოზული გლობალური პრობლემაა".

"მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი აქამდე კარგად გაუმკლავდა ამას, მის აღსაკვეთად უწყვეტი შრომაა საჭირო". - დაამატა მან.

კომენტარები