აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალური სააგენტოს ისეთი ფუნქციების შეწყვეტა დაევალება, რომელთა შესრულებაც წესდებით დადგენილი არ არის.
"ქვემოთ ჩამოთვლილი სამთავრობო ორგანოების ის ფუნქციები და კომპონენტები, რომლებიც წესდებით დადგენილი არ არის, მაქსიმალურ დონეზე შეწყდება რელევანტურ კანონთან შესაბამისობაში და ამგვარი ორგანოები კანონით მოთხოვნილ მინიმუმამდე შეამცირებენ წესდებით დადგენილი ფუნქციების შესრულებასა და ასოცირებულ მომსახურე პერსონალს". - წერია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ბრძანებაში.
სააგენტოებისა და დეპარტამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება, ასე გამოიყურება:
- მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი;
- აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის;
- ვუდროუ უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი;
- სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი;
- აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ;
- თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი;
- უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.
ცნობისთვის, აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (U.S. Agency for Global Media) ზედამხედველობს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა ამერიკის ხმა (Voice of America), რადიო თავისუფლება (Radio Free Europe/Radio Liberty და Radio Free Asia).
აღნიშნულ ორგანოებს 7 დღე ეძლევათ, რათა მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისს წარუდგინონ ანგარიში, რომელიც დაადასტურებს, რომ აღმასრულებელ ბრძანებას სრულად ემორჩილებიან და ახსნის, თუ ორგანოს რომელი კომპონენტები თუ ფუნქციები არის წესდებით გაწერილი.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილია ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევისა, მაქსიმალურად შემცირდეს ფედერალური ბიუროკრატია და ამ ბიუროკრატიასთან ასოცირებული ხარჯები. ინიციატივას მეტწილად ტრამპის მრჩეველი და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი ხელმძღვანელობს.
ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, DOGE-ის აგრესიული ძალისხმევის პირველი რაუნდის ფარგლებში პოზიციებიდან გამოსაცდელი ვადით დასაქმებული დაახლოებით 24 000 თანამშრომელი გათავისუფლდა, ხოლო ჯამში 100 000 ფედერალური თანამშრომელი. აშშ-ს ფედერალურ მთავრობაში დაახლოებით 2.3 მილიონი პირია დასაქმებული.
თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ კალიფორნიისა და მერილენდის ფედერალურმა მოსამართლეებმა ტრამპის ადმინისტრაციას გამოსაცდელი ვადით დასაქმებული ათასობით ფედერალური თანამშრომლისთვის სამუშაო კონტრაქტების აღდგენა დაავალეს.
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს 10 მარტის განცხადებით, გაუქმდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამების 83%.
"5200 კონტრაქტი, რომლებიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდ დოლარს ხარჯავდა ისე, რომ ვერ ემსახურებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში ზიანსაც კი აყენებდა) შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს.
კონგრესთან კონსულტაციის შედეგად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ პროგრამის დარჩენილი 18% (დაახლოებით 1000), რომელიც ინარჩუნებს დაფინანსებას, უფრო ეფექტურად განხორციელდეს სახელმწიფო დეპარტამენტის მართვის ქვეშ.
დიდი მადლობა DOGE-სა და ჩვენს დაუღალავ თანამშრომლებს, რომლებმაც მრავალი საათი იმუშავეს ამ დაგვიანებული და ისტორიული რეფორმის განსახორციელებლად". - განაცხადა რუბიომ.