აშშ-ს ელჩი NATO-ში, მეთიუ უიტეკერი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიშის პასუხად ამბობს, რომ აშშ NATO-ს დაშლას ან ამჟამინდელი მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრას არ ცდილობს, არამედ ალიანსის გაძლიერება სურს.
ცნობისთვის, ბოლო დროს გამოქვეყნებულ მიუნხენის უსაფრთხოების ანგარიშში წერია, რომ აშშ-მ "თავისუფალი სამყაროს" ლიდერობაზე უარი თქვა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შექმნილ საერთაშორისო წესრიგს ძირს უთხრის.
უიტეკერის თქმით, ამ მხრივ ანგარიშის დასკვნებთან დაკავშირებით "ყველაფერს უარყოფს" და აცხადებს, რომ აშშ-ს NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის თავდაცვის ხარჯის ტვირთის "დაბალანსება" სურს, რისთვისაც ევროპელ მოკავშირეებს უბიძგებს "მეტის გაკეთებისკენ და იმისკენ, რომ უფრო მეტი შეეძლოთ და მეტად ძლიერები იყვნენ, რადგან ძალა არის ის, რაც მშვიდობას უზრუნველყოფს".
"ეს არის პირელი რამ, რასაც უარვყოფ, ჩვენ ვცდილობთ, რომ NATO უფრო ძლიერი გავხადოთ და არა იმას, რომ NATO დავტოვოთ ან უარვყოთ, არამედ მის ამუშავებას ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო, როგორც 32 ძლიერი და უნარიანი მოკავშირეების ალიანსი". - თქვა უიტეკერმა.
ამასთან, უიტეკერმა თქვა, რომ აშშ-ს ევროპასთან "უსამართლო" სავაჭრო შეთანხმების შეცვლა სურდა, რომლითაც "ევროპა ბოროტად სარგებლობდა და აშშ-სთან დიდი სავაჭრო სალდო ჰქონდა". მისივე თქმით, აშშ გაღიზიანებულია იმით, რომ ევროპაში "ბევრი დისკუსიაა, მაგრამ არც ისე ბევრი ქმედება".
აშშ-ს ელჩი გრენლანდიასაც შეეხო - მისი თქმით, აშშ-ს მხოლოდ ის სურს, რომ გრენლანდიას, როგორც დანიის ნაწილს ან დამოუკიდებელ ქვეყანას მომავალში, რუსეთისგან და ჩინეთისგან თავის დაცვა შეეძლოს.
ცნობისთვის, 2026 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 13-15 თებერვალს ჩატარდება.





