ევროპის თავდაცვის პოლიტიკა

Politico: ევროკავშირი რუსეთის შეკავების მიზნით თავდაცვაში "მასიურ ინვესტიციას" გეგმავს

FRANCOIS WALSCHAERTS/AFP

გამოცემა Politico წერს, რომ ევროკავშირი მიზნად ისახავს, თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად მასობრივი პროექტი წამოიწყოს, რათა რუსეთი შეკავება მოხდეს და უკრაინის მხარდაჭერა შეძლოს იმ ფონზე, როცა აშშ ევროპის კონტინენტიდან ყურადღების ჩინეთზე გადატანას ცდილობს.

Politico-ს მიერ მოპოვებულ დოკუმენტში წერია, რომ "ევროპული თავდაცვის აღდგენას მასიური ინვესტიციები სჭირდება გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში".

გამოცემის მიხედვით, დოკუმენტი ევროკავშირის თავდაცვის კომისრის, ანდრიუს კუბილიუსისა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მიერ არის მომზადებული და ევროკავშირის ლიდერებს მომდევნო კვირაში წარუდგენენ.

Politico წერს, რომ ევროკავშირის ახალი თავდაცვის პოლიტიკის უმთავრესი ელემენტი ბლოკის შიგნითა და "თანამოაზრე მესამე ქვეყნების კომპანიების მიერ" წარმოებული შეიარაღებისთვის უპირატესობის მინიჭებას, შეიარაღების ერთობლივად შესყიდვის წახალისებას, თავდაცვის პროექტების დაფინანსების გამარტივებას, თავდაცვითი ინვესტიციების მხრივ ბიუროკრატიის შემცირებასა და ისეთ სფეროებზე ყურადღების გამახვილებას მოიცავს, რომელშიც ევროკავშირი მოიკოჭლებს, მაგალითად საჰაერო თავდაცვა ან ჯარების მობილობა.

გამოცემის მიხედვით, რუსეთის ქმედებები მთავარი მამოძრავებელი ძალაა ევროკავშირის ახალი პოლიტიკისთვის.

"რუსეთი ეგზისტენციალური საფრთხეა კავშირისთვის და მისი მხრიდან წარსულში მეზობლებზე თავდასხმის ისტორიიდან და მიმდინარე ექსპანსიონისტური პოლიტიკიდან გამომდინარე, რუსული შეიარაღებული აგრესიის შეკავების საჭიროება დარჩება მას შემდეგაც, როცა უკრაინასთან სამართლიანი და გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმება დაიდება". - წერია დოკუმენტში. 

20-გვერდიან დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ "ევროპას არ შეუძლია, აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიები თავისთავადად მიიჩნიოს და ძირეულად უნდა გაზარდოს საკუთარი წვლილი, რათა NATO შენარჩუნდეს".

დოკუმენტში 7 ძირითადი სფეროა გამოყოფილი ინვესტიციების მხრივ პრიორიტეტად: საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა; საარტილერიო სისტემები; საბრძოლო მასალები და რაკეტები; დრონები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები; სამხედრო მობილობა; ხელოვნური ინტელექტი, კვანტური, კიბერ და ელექტრონული ომი; სტრატეგიული ხელშემწყობები, საბრძოლო შესაძლებლობები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა.

ამასთანავე, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ გეგმის ფარგლებში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლები თავად იქნებიან.

"წევრი სახელმწიფოები არიან პასუხისმგებლები თავიანთ შეიარაღებულ ძალებზე - დოქტრინის ჩამოყალიბებიდან მის დანერგვამდე". - წერია დოკუმენტში.

გეგმის ფარგლებში თავდაპირველი ნაბიჯები მოიცავს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დაამტკიცონ ევროკავშირის ფისკალური წესების შემსუბუქება, რაც გაამარტივებს თავდაცვის ხარჯის გაზრდას; შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლონ თავდაცვის ხარჯის 35%-ზე; დაამტკიცონ ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამის €1.5 მილიარდი; და NATO-სთან კრიტიკული შესაძლებლობების სფეროებზე შეთანხმდნენ.

ამავდროულად, დოკუმენტში გაწერილია მნიშვნელოვანი ზომები უკრაინის დასახმარებლად, მათ შორის 1.5 მილიონი საარტილერიო ჭურვის გადაცემა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, უკრაინელი სამხედროების გაწვრთნის გაგრძელება, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში შეკვეთების განთავსება, ევროკავშირის სამხედრო დაფინანსების სქემებთან უკრაინის დაახლოება და უკრაინის დაფარვის მიზნით ბლოკის სამხედრო მობილობის დერეფნების გაზრდა.

კომენტარები