აშშ-გრენლანდია

"ვფიქრობ, ეს მოხდება" – ტრამპი კითხვაზე, თუ რას ფიქრობს გრენლანდიის ანექსიაზე

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრაზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს მიერ გრენლანდიის შესაძლო ანექსიის შესახებ გააკეთა კომენტარი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობდა იგი გრენლანდიის შესაძლო ანექსიის შესახებ, ტრამპმა უპასუხა, რომ მისი აზრით, "ეს მოხდება". 

"ვფიქრობ, ეს მოხდება. [...] ჩვენ ეს არამხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც გვჭირდება". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, 4 მარტს კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გრენლანდიას "ასე თუ ისე, მაინც მიიღებს". 

აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი დიდი ხანია, ამბობს, რომ გრენლანდია აშშ-ს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მიზნებისთვის სჭირდება. 

"ამ საღამოს გზავნილი მაქვს გრენლანდიის შესანიშნავი ხალხისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს უფლებას, გადაწყვიტოთ თქვენი მომავალი და თუ აირჩევთ, მოგესალმებით აშშ-ში. 

ჩვენ გრენლანდია გვჭირდება ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც კი. ვმუშაობთ ყველა ჩართულ მხარესთან, რათა ის მივიღოთ. მაგრამ ჩვენ ის რეალურად გვჭირდება საერთაშორისო მსოფლიო უსაფრთხოებისთვის და ვფიქრობ ჩვენ მას მივიღებთ, ასე თუ ისე მაინც მივიღებთ. ჩვენ გამყოფებთ უსაფრთხოდ, გაგამდიდრებთ და ერთად ავიყვანთ გრენლანდიას სიმაღლეზე, რომელზეც არც კი გიფიქრიათ". - თქვა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს. მის ამ სიტყვებს დემოკრატი კონგრესმენების უკმაყოფილების ხმები ახლდა. სიტყვებზე - "ასე თუ ისე მაინც მივიღებთ" - რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა გაიცინეს.

კომენტარები