აშშ-გრენლანდია

Axios: ტრამპის მიერ მხარდაჭერილი შეთანხმება გრენლანდიაზე პატივს სცემს დანიის სუვერენიტეტს

გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გრენლანდიისა და არქტიკის საკითხზე აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შორის შეთანხმებული მომავალი ჩარჩო გრენლანდიაზე დანიის სუვერენიტეტის პატივისცემას ითვალისწინებს.

წყაროები გამოცემასთან ამბობენ, რომ გეგმა ითვალისწინებს 1951 წლის "გრენლანდიის თავდაცვის შეთანხმების" განახლებას აშშ-სა და დანიას შორის, რომელიც საშუალებას აძლევს აშშ-ს კუნძულზე სამხედრო ბაზები ააშენოს და შექმნას "თავდაცვის ზონები", თუ NATO ამას საჭიროდ მიიჩნევს.

ასევე, შეთანხმების მიხედვით გრენლანდიასა და არქტიკაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად NATO-ს დამატებითი აქტივობები არის გათვალისწინებული, ისევე, როგორც გრენლანდიაზე ამერიკული "ოქროს გუმბათის" საჰაერო თავდაცვის სისტემის განლაგება მტრული გარე ძალების გავლენისგან თავის დასაცავად.

გუშინ, 21 იანვარს ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად შეიქმნა მომავალი შეთანხმების ჩარჩო, რომელიც გრენლანდიასა და ფაქტობრივად მთელ არქტიკის რეგიონს ეხება.

"ეს გადაწყვეტა, თუ საბოლოოდ განხორციელდება, შესანიშნავი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და NATO-ს ყველა ქვეყნისთვის. ამ შეთანხმების საფუძველზე საფუძველზე, მე არ დავაწესებ იმ ტარიფებს, რომლებიც ძალაში უნდა შესულიყო 1 თებერვალს. დამატებითი განხილვები მიმდინარეობს "ოქროს გუმბათთან" დაკავშირებით, იმდენად რამდენადაც ის გრენლანდიას ეხება. მოლაპარაკებების მიმდინარეობისას დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება" – წერს ტრამპი.

კომენტარები