აშშ-გრენლანდია

გრენლანდიის პრემიერი: ჩვენ მზად უნდა ვიყოთ შესაძლო სამხედრო შემოჭრისთვის

გრენლანდიის პრემიერმინისტრი, იენს-ფრედერიკ ნილსენი
Claus Rasmussen/Ritzau Scanpix/AP Photo

გრენლანდიის პრემიერმინისტრის, იენს-ფრედერიკ ნილსენის თქმით, გრენლანდიის მოსახლეობა მზად უნდა იყოს შესაძლო სამხედრო შემოჭრისთვის.

ნილსენის თქმით, მოსახლეობამ და ხელისუფლებამ უნდა დაიწყონ მზადება შესაძლო სამხედრო შემოჭრისთვის, იმის მიუხედავად, რომ ეს ნაკლებად სავარაუდო სცენარია.

"სამხედრო კონფლიქტი ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მისი გამორიცხვა შეუძლებელია". - თქვა ნილსენმა.

ამასთან, ნილსენის თქმით,  გრენლანდიის მთავრობა შექმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი წარმომადგენლებისგან იქნება შემდგარი და მთავრობა იმუშავებს მოსახლეობისთვის ახალი რეკომენდაციების გავრცელებაზე, მათ შორის რჩევებზე საკვების მომარაგებასთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ სურს, გრენლანდია აშშ-ს შემადგენლობაში შევიდეს. ამ კუთხით, მას არ გამოურიცხავს დანიის ტერიტორიაზე სამხედრო ძალის გამოყენებაც.

თავის მხრივ, დანიასა და გრენლანდიაში ნათქვამი აქვთ, რომ კუნძული არ იყიდება. მათ ასევე დაგმეს გრენლანდიაში აშშ-ს მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების შესახებ გავრცელებული ცნობები.

ამასთანავე, ბოლო კვირებში გრენლანდიის აშშ-სთვის გადაცემის მისწრაფებებზე საუბრის დროს თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა სამხედრო ძალის გამოყენება არ გამორიცხა და თქვა, რომ "სამხედრო გზა ყოველთვის ვარიანტია"

კომენტარები