ნარკოპოლიტიკა

ბუაძე ნარკოპოლიტიკაზე: ცვლილებები დრაკონული და სახიფათოა

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების ინიციატივას გამოეხმაურა. ბუაძე ამბობს, რომ დაგეგმილი ცვლილებები დრაკონულია და მას პოლიტიკური მიზნები აქვს.

"ისეთ ცვლილებებს გვიანონსებენ, რომელიც ამ პრობლემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას ემსახურება. ამ ცვლილების მიზანი არის მომხმარებლების დემონიზება და ნულოვანი ტოლერანტობის წლებთან შედარებით გაცილებით უფრო დრაკონული და სახიფათო ცვლილებების შემოღება, რომელიც სავალდებულო შემოწმებების სისხლის სამართლებრივი წესით დასჯასთანაა დაკავშირებული. 

ქართული ოცნების დამსახურებით, საქართველოში ნარკოპოლიტიკა უმძიმეს მდგომარეობაშია [...] ნარკოპოლიტიკის პრობლემას დევნიდან მზრუნველობაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკაზე გადასვლა სჭირდება - ამ სფეროში სჭირდება მეტი ინვესტიცია განათლებასა და ზიანის შემცირებაში, იმისთვის, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს". - ამბობს ბუაძე.

საბა ბუაძემ ქართული ოცნების წევრებს მიმართა, რომ სავალდებულო ნარკოშემოწმება ჯერ თავად გაიარონ.

"მინდა, ქართული ოცნების წარმომადგენლებს მივმართო, რომ სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, სავალდებულო ნარკოშემოწმება თავად გაიარონ, ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე დაიტესტონ და შედეგები საზოგადოებას წარუდგინონ. ვურჩევ, კახა კალაძით დაიწყონ" . - თქვა ბუაძემ.

10 მარტს ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა. ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, გამკაცრდება სასჯელები, როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნის, ისე გასაღებისთვის.

ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით იცვლება, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა.

კომენტარები