ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ საბოლოო სიტყვით სარგებლობაზე უარი უთხრა.
გამოცემის ცნობით, სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განმარტა, რომ ბაჩიაშვილის ნებისმიერი ფორმით სხდომაზე მონაწილეობის მიღება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს დაარღვევს, რადგან ის "განზრახი ქმედებით" არ იმყოფება საქართველოში.
გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ მანამდე ახალი ბრალდება წარუდგინა - მას სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ - პროკურატურა ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო ადვოკატის, ლევან მახარაშვილის თქმით, ეს პროცედურა საჭირო იყო, რათა შემდეგ ბაჩიაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადებულიყო.
4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ქვეყნის დასატოვებლად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა.
ამავე დღეს, ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს დატოვების საკითხზე გამოძიება დაიწყება.
როგორც სადრაძე ამბობს, ბრალდების მხარის ნებართვის გარეშე ბაჩიაშვილს არ ჰქონდა საზღვრის კვეთის ნებართვა, ასევე ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტიც.





