შვედეთი

შვედეთი NATO-ს საჰაერო თავდაცვისთვის პოლონეთში Gripen-ის გამანადგურებლებს გააგზავნის

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარია მალმერი სტენერგარდის ინფორმაციით, შვედეთი პოლონეთში NATO-ს საჰაერო პატრულირებისთვის Gripen-ის ტიპის 8-მდე საბრძოლო თვითმფრინავის გამოყოფას გეგმავს.

სტენერგარდის თქმით, შვედეთის მთავრობა NATO-ს საჰაერო პატრულირებაში და პოლონეთში უკრაინის მხარდამჭერი ლოგისტიკური ოპერაციების დაცვაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ეს განცხადება მან შვედეთის NATO-ში გაწევრიანების ერთი წლის თავის ერთი დღით ადრე გააკეთა.

"ჩვენ გამოვდივართ წინადადებით, რომ შვედეთმა NATO-ს საჰაერო პატრულირებისთვის გამოყოს მაქსიმუმ რვა JAS Gripen-ის ტიპის თვითმფრინავი შესაბამისი პერსონალით, მათ შორის საბრძოლო მართვისა და მხარდაჭერის დანაყოფებით. გარდა ამისა, მთავრობა ასევე გვთავაზობს, რომ შვედეთმა შეიტანოს წვლილი საჰაერო და საზღვაო მონიტორინგში, ასევე საჰაერო სატრანსპორტო შესაძლებლობებში" – თქვა მარია მალმერ სტენერგარდმა პრესკონფერენციაზე.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც შვედეთი NATO-ს ოპერაციებისთვის საბრძოლო თვითმფრინავებს სხვა ქვეყანაში, შვედეთის ფარგლებს გარეთ, განათავსებს.

შვედეთი NATO-ს 2024 წლის 7 მარტს შეუერთდა, რაც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას მოჰყვა.

კომენტარები