რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

FT: აშშ-მ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაც შეუჩერა

დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-მ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაც შეუჩერა, რამაც შესაძლოა სერიოზულად შეაფერხოს უკრაინის არმიის უნარი, მიზანში ამოიღოს რუსული ძალები. აღნიშნულ ცნობას გამოცემა საკითხში გარკვეულ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

აშშ-ს მხრიდან უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე თანამშრომლობა არსებითი მნიშვნელობის იყო უკრაინისთვის, რათა აღმოაჩინონ და იერიში მიიტანონ რუსულ სამხედრო ობიექტებზე. Financial Times-თან ორმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეუჩერა, თუმცა ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ აშშ განაგრძობს რუსეთსა და უკრაინაზე სადაზვერვო ინფორმაციის უახლოეს მოკავშირეებთან, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოსთან, გაზიარებას.

მანამდე, 3 მარტს კი ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.

მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.

ხოლო CNN-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი უფროსი თანაშემწეები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სანამ მხარეები მინერალების შეთანხმებას დაუბრუნდებიან.

თუმცა, გუშინ გამოცემა RBC Ukraine სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არ შეუჩერებია.  

კომენტარები